„რადიკალური პროცესები საქართველოში გარე დაფინანსებით, უცხოური კუპიურების წყალობით ხდება. ალბათ, ახლა მაინც ხვდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ რატომ გვინდოდა, შემოგვეღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც საზოგადოებას სიმართლით უზრუნველყოფდა“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„თუ შარშან წაუკითხავად გააპროტესტებინეს საქართველოს მოქალაქეებს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, სულ ცოტა ხანში, ევროკავშირში ყველაზე დიდმა პარტიამ დააანონსა იგივე კანონპროექტი, რომლის განხილვა მიმდინარეობს და მას მალე მიიღებენ კიდეც.

მახსოვს, რომ შარშან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩიც კრიტიკულად გამოვიდა. ახლა კი მაინტერესებს, როგორია მისი პოზიცია, როცა თავად საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც ასეთ რისკებს დააზღვევს. ერთი და იგივე კანონი, რომელიც მიიღო საფრანგეთმა და იღებს ევროკავშირი, მათთვის ამერიკულ-ბრიტანულია და საქართველოსთვის – რუსული?

გამჭვირვალობის შესახებ საფრანგეთში მიღებული კანონის შემდეგ, ქართული ოპოზიცია და მათი პატრონები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ და ახალი პიარკამპანია მოიგონეს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ამერიკული კანონი მხოლოდ ფაშიზმისთვის იყო მიღებული (არადა, აშშ-ში ის დღესაც მოქმედებს); ევროკავშირმა ეს კანონი თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიიღო; ხოლო საფრანგეთი თითქოს მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ იღებს. არადა, სინამდვილეში, არც ერთ კანონში არ წერია, თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს ეხება. ის ეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

საფრანგეთის კანონი ბევრად უფრო მკაცრია. იქიდან რამდენიმე მუხლს წაგიკითხავთ: „უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება უცხოური დაფინანსება. ამ ფონდებმა, არასამთავრობოებმა და ა.შ. წლის ბოლოს უნდა წარადგინონ ანგარიში ეროვნულ ასამბლეაზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით ისჯებიან. ასევე, ანგარიში უნდა წარადგინოს სპეციალურმა კომისიამ, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოუტანა უცხოურმა ფულმა ქვეყანას”. ასევე, ამ კანონში წერია, რომ „საფრანგეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა უნდა გამოამჟღავნოს სახელმწიფოზე მიმართული საზიანო აგიტაცია, უცხოური გავლენა, რაც საფრანგეთის ინტერესების საზიანოა“.

ასე რომ, მეგობრებო, ეს ურთულესი ბრძოლაა. დიდი ფულითა და ღიმილიანი სახით სურთ საქართველოს დამორჩილება. სურთ, დაიმორჩილონ სამართალი, საზოგადოების ინტერესები და ქვეყნის სუვერენიტეტი. ამას სჭირდება სწორედ ერთიანობა და ეს ერთიანობა საზოგადოებამ, ყველაზე მეტად, 2024 წელს უნდა დააფიქსიროს, რათ ქართულ პოლიტიკას მატყუარები ჩამოსცილდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.