„მსგავს თემატიკაზე არაერთი ანდაზა თუ გამონათქვამი არსებობს: ნუ ჭრი ტოტს, რომელზეც ზიხარ; ნუ იფურთხები ჭაში, საიდანაც წყალს სვამ; ნუ კბენ შენს მკვებავ მარჯვენას; ნუ კლავ ოქროს კვერცხების მდებელ ქათამს და ა.შ. სამხრეთ კავკასიაში საქართველო ჯერ კიდევ რჩება დასავლეთისთვის ერთ-ერთ – თუ არა ერთადერთ – პარტნიორად, რომელიც, ქვეყნის შიგნით მზარდი და ობიექტური უკმაყოფილების მიუხედავად, მყარად იცავს ევროინტეგრაციის მიმართ თავისი საკონსტიტუციო ჩანაწერის სულისკვეთებას“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„თუმცა, დღე არ გადის, არ გეუფლებოდეს შეგრძნება, რომ სწორედ ეს დასავლური ძალები ხერხავენ სამხრეთ კავკასიის იმ ტოტს, რომელზეც სხედან; სისტემატურად იფურთხებიან მის ჭაში; კბენენ საქართველოს და მის კისერთან დაკვლის სურვილით, დანით არიან ჩასაფრებულნი. გარდა ამისა, მზად არიან, „ნეოინკვიზიციის” კოცონზე დაწვან ჩვენი კონსტიტუციაც, თავისი „ევროჩანაწერით”, ჩვენი სახარებაც, რომელშიც სათავისოდ დიდ და გადაულახავ საშიშროებას ხედავენ და, რა თქმა უნდა, ქვეყნის „არატრანსგენდერული” მოსახლეობაც. ამ დროს კი, თითქოსდა პოპკორნით ხელში აკვირდები მათ ამ ძალისხმევას და ყოველდღიურად რამე ახალ ანტიქართულ გამოვლინებას ელოდები, და უკვე ნამდვილად აღარ გეჩვენება (მართლაც, იდიოტები ხომ არა ვართ) და, უბრალოდ, გაინტერესებს, სადამდე არიან მზად იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველო ქართველების გარეშე, საქართველო სუვერენიტეტის გარეშე, საქართველო სარწმუნოების გარეშე ჰქვია. ერთადერთი, – არ აძლევ მათ ნაადრევი სიხარულის შესაძლებლობას. ელოდები, რომ ბოლომდე თავად გააჟღერონ შენთან მიმართებით არსებული მიზნები.

მე მგონი, გადაღლას ვატყობ მათ რიგებში და ძალიან ახლოს არიან ისტერიულ და ხმამაღალ აღიარებასთან: არა – თქვენს მამულს, ენასა და სარწმუნოებას! არა – თქვენს ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს! მანამდე კი, სანამ ამ განწირულ ყვირილს მათგან არ მოვისმენთ, დიახ, დათქმებსაც გავითვალისწინებთ და რეკომენდაციებსაც. დიახ, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას და დიახ, დავრჩებით საიმედო პარტნიორად. ოღონდ! ღირსების, სუვერენიტეტის, მამულის, ენის, სარწმუნოების, ღვთისა და ადამიანის ინტერესების თქვენს ინტერესებზე მაღლა დაყენების ხარჯზე. აბა ვნახოთ, შეძლებთ თუ არა ჩვენი ღმერთის და მისი ერთგული მრევლის დამარცხებას, თუ, ჩვენი დახმარებით, მის წინაშე დამარცხდებით თქვენ“, – წერს დავით ქართველიშვილი.