„წარმოიდგინეთ, ევროპაშიც იმდენად შეშინებულები არიან ეროვნულ დემოკრატიებში უცხო ქვეყნის ჩარევით, რომ, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იყო, მან ერთ-ერთ გამოწვევად უცხოური ძალების მიერ საშინაო დემოკრატიებში ჩარევა დაასახელა. როგორც ჩანს, ეს ევროპის ქვეყნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ქვეყანაში ლგბტ თემის ირიბი პროპაგანდა ხდება.

„როდესაც შარშან გვინდოდა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, სწორედ ეს პირები იყვნენ საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში და ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ შუა რუსთაველზე, რადგან არ უნდოდათ თავიანთი ფინანსური რესურსებისა და წყაროების გამჟღავნება. ისინი აღუდგნენ წინ და, რა თქმა უნდა, საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, რომ არ გამომჟღავნებულიყო, ვის დაკვეთას ასრულებდნენ. დღეს ნელ-ნელა გაირკვა რაღაცები. გავიგეთ, ნიკა გვარამიას ტელევიზიას რომ უცხოური დონორი აფინანსებს – იმისთვის, რათა ლგბტ-ის ირიბი პროპაგანდა აწარმოოს. თუნდაც, სასამართლოს სისტემის წინააღმდეგ აწეული კამპანია, რაც მშვენიერაძისა და გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება და აშ.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სულ ახლახან საფრანგეთმა მიიღო იგივე კანონი, თუმცა, გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენ გვინდოდა მიღება. ამ კანონში წერია, რომ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც გაზომილი და შეფასებული იქნება ქვეყანაში უცხოური თანხებით განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები. აქ საუბარია შედეგების გაზომვაზე და ჩვენ, უბრალოდ, ვითხოვდით მიზნობრიობისა და თანხების რაოდენობის აღრიცხვას.

როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იყო, მან ერთ-ერთ გამოწვევად უცხოური ძალების მიერ საშინაო დემოკრატიებში ჩარევა დაასახელა. როგორც ჩანს, ეს ევროპის ქვეყნებისთვისაც სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ ბრძოლა გვიწევს არა ცალკეული სისტემების დასაცავად, არა “ოცნებისა“ და მმართველი ხელისუფლების გადასარჩენად, არამედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად. საუბარი ეხება არა ოპოზიციის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის მტრების წინააღმდეგ ბრძოლას. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ქვეყანაში რეალური და ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს, პირიქით, ეს კარგია ქვეყნისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მტერი, მავნებელი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.