რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყეს.
ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს „გამჭვირვალობის კანონი“ არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს. ასევე, მათი მტკიცებით, კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირსა და აშშ-ს. რადიკალების მტკიცებით, მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას რუსეთის პირისპირ დატოვებს.
სინამდვილეში, ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთსა და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნონ, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში, ნაცვლად ტერმინისა – „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. „გამჭვირვალობის კანონი“ არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.