უცხოური ძალების მხრიდან საქართველოში პარალელური ხელისუფლების შექმნის მცდელობად აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ქვეყანაში რადიკალურად განწყობილი არასამთავრობო სექტორის საქმიანობას. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მაჭარაშვილმა განაცხადა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ქართული არასამთავრობოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელი ორგანიზაციის – ევროპის განვითარების ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემონსტრაციულად უარის თქმა მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.

„მარტივი, კლასიკური მაგალითია: ორი დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ არაერთგზის ჰქონდა შეხვედრა ქართული არასამთავრობოების ყველაზე მსხვილი დამფინანსებლის “NED-ის” (ევროპის განვითარების ფონდი) წარმომადგენლებთან და მათთან საუბრების შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ ვერ გაუმხელდა რას აფინანსებდა საქართველოში.

რეალურად გამოდის, რომ უცხოურმა ძალამ აქ შეგვიქმნა პარალელური ხელისუფლება “NGO-ების” სახით. შემთხვევით არ ვამბობ „ხელისუფლებას“ – “NGO-ების” მეშვეობით უცხოური საელჩოები გეუბნებიან რა კანონი მივიღოთ, ისინი მიგითითებენ რომელი მოსამართლე დავნიშნოთ და რომელი – არა, ამ “NGO-ების” მეშვეობით გეუბნებიან ცესკოს თავმჯდომარედ ვინ ავირჩიოთ და რამდენი უნდა გვქონდეს კვორუმი მისი არჩევისას. რეალურად, უცხოელი ხომ ვერ გაიყვანს პარლამენტის 150 წევრს, ამიტომაც დაგვისვამს “NGO-ს”,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.