სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და საზოგადოების ინფორმირების მიზნით განმარტავს:
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას მსჯავრდებულს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ მას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიაგნოსტირებული ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და იტარებდა ჰემოდიალიზს. ასევე, ჰქონდა სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული დაავადება და იტარებდა მედიკამენტოზურ მკურნალობას.
გარდაცვლილი მსჯავრდებული ჩართული იყო დიალიზის პროგრამაში და ის სამსახურის შესაბამის დანაყოფს კვირაში ორჯერ გადაჰყავდა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საჭირო პროცედურების ჩასატარებლად. სულ, შემოსახლების დღიდან გაყვანილი იყო 320-ჯერ.
2024 წლის 3 აპრილს მსჯავრდებულმა უარი განაცხადა სამედიცინო მომსახურებაზე და გამოაცხადა შიმშილობა. შიმშილობის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. 2024 წლის 5 აპრილს მსჯავრდებულს კვლავ უწევდა სამედიცინო პროცედურებზე გაყვანა, თუმცა ამ უკანასკნელმა კვლავ განაცხადა უარი სამედიცინო მომსახურებაზე, რის შემდგომაც, სამწუხაროდ, მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მყისიერად მოხდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმირება.
მსჯავრდებულის გარდაცვალების შესახებ ,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.
მსჯავრდებული სამედიცინო პერსონალის მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული შესაძლო ჯანმრთელობის გაუარესებასთან (მათ შორის ლეტალობასთან) დაკავშირებით, რის შესახებაც შედგა აქტი.
გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით სამარტოო საკანში ე.წ. ,,კარცერში“ გადაყვანასთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას. აქვე, დამატებით განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის დღიდან მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, როგორც უშუალოდ პენიტენციურ სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ის, რომ მსჯავრდებული თავად ამბობს რიგი მედიკამენტების ან/და სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე უარს, ვერ შეფასდება მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებად.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო. სამსახურისთვის ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია“, – ნათქვამია განცხადებაში.