საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა „ეკონომიკური ფორუმის“ მეცამეტე დისკუსია, რომლის თემა „საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა“ იყო. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში, ე.წ. ოფშორებში რეგისტირებული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობაზე.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კომპანია “რედიქსის” გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში პირველად, ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები. დისკუსიაში ჩართული იყო ბიზნესის, ფაქტობრივად, ყველა სექტორი – 16 ასოციაცია და 50-მდე ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები.
„შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან საქართველოში ბიზნეს აქტივების გადმოტანა ემსახურება ერთ მნიშვნელოვან მიზანს, – რომ ის მოგება, რომელიც გენერირებულია და გენერირდება საქართველოში, შემდეგ გადის ქვეყნის გარეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი დამფუძნებლები რეგისტრირებულები არიან ოფშორში, კაპიტალის დაბრუნება მოხდეს საქართველოში და ის მოგება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება, დარჩეს საქართველოში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
“შეხვედრა გაიმართა დისკუსიის რეჟიმში, საუბარი გვქონდა საგადასახადო კანონმდებლობაზე, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის როგორც ერთ-ერთ მამოტივირებელ ფაქტორზე. საქართველო არის ერთ-ერთი დაბალი განაკვეთის მქონე ქვეყანა, თუმცა, მეორე მხრივ, გამორჩეულია საგადასახადო გამჭვირვალობის მიმართულებით, რომელიც, დაახლოებით, ერთი თვის წინ იქნა შეფასებული OECD-ის მიერ და საქართველომ ამ მიმართულებით ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. 10-დან 8 კრიტერიუმში საქართველო აკმაყოფილებს გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს, დარჩენილ 2 კრიტერიუმთან მიმართებით კი მაღალ საფეხურზეა. ამ შეფასებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ბელგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ავსტრია და სხვა“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
„ბიზნეს სექტორს დარწმუნება არ სჭირდება, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან აღნიშნული თემა და, პრაქტიკულად, არ ყოფილა არც ერთი გამომსვლელი, რომელსაც რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონოდა საკითხის მიმართ. მარტივადაა საკითხი, – რომ, როგორ შეიძლება, ასეთ კანონზე რაიმე ითქვას. ამ ეტაპზე საუბარია ფიზიკურ პირზე ან პირთა ჯგუფებზე, თუ ისინი ფლობენ ოფშორში კომპანიას და ეს კომპანია ფლობს, თავის მხრივ, საქართველოში რაიმე კომპანიას და სურვილი აქვთ, რომ ამოაგდონ ოფშორი და პირდაპირ საქართველოში დარეგისტრირდნენ, შემოსვლაზე ჰქონდეთ შეღავათი. ანუ ისინი აქ ნაშოვნ ფულს, რომელიც ახლა ოფშორშია განთავსებული, გადმოიტანენ საქართველოში, იქნება ქართულ ბანკებში, ჩადებენ საქართველოს ეკონომიკაში, გადმოსვლის მომენტშივე აქვთ შეღავათი. რატომ? იმიტომ, რომ ოფშორებში, რომელიც დასავლეთის ქვეყნების იურისდიქციაშია, დაიწყო მონიტორინგი და, ამიტომ, ბევრისთვის საინტერესო აღარ არის. რა ინფორმაციაც გვაქვს, ოფშორებში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.
Business Insider Georgia-ს დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის – გიორგი აბაშიშვილის თქმით, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო, რომ ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხზე გამართულიყო მსჯელობა და, ასევე, ბიზნეს სექტორს მიეღო ამომწურავი პასუხები.
„მნიშვნელოვანია, რომ დღეს ფორუმზე იყო ბიზნესის საკმაოდ ფართო წარმომადგენლობა. ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი – ფინანსთა მინისტრი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე, რაც გვაძლევდა საშუალებას, რომ ყველა მხარის პოზიცია მოგვესმინა. ჩვენ მიერ მცირე კვლევაც იქნა წარმოდგენილი – ფაქტია, რომ მსოფლიოში არის ტენდენცია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, რომ ამ ქვეყნებში, ეკონომიკური ზრდის შემდგომი სტიმულირებისთვის მოხდეს კაპიტალის მაქსიმალურად მოზიდვა. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს კაპიტალის რელოკაცია, ასევე, განხორციელდეს არსებული კაპიტალის დამაგრება იმგვარად, რომ ის არ გავიდეს სხვა, მესამე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელს უწყობს მეტ გამჭვირვალობას, უფრო სწორ საგადასახადო ადმინისტრირებას და, რაც მთავარია, აჩენს შესაძლებლობას ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო დაკვირვება იყო ის, რომ დღეს ბიზნეს სექტორი, ანალიტიკური სექტორი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, პრაქტიკულად, ერთი მიმართულებით საუბრობდნენ და, ჯამურად, ყველა თანხმდებოდა ამ ინიციატივის პოზიტიურ შედეგებზე“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 25 აპრილს გამართული დისკუსიის მხარდამჭერები ასევე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობა „ჩელთი“, კომპანია „ლინეიტი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-ი.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია, სახელმწიფოს, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. ამ ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს, პარტნიორობის ფარგლებში, ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.