„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, რეალურად, მუქარის პოლიტიკა გააჟღერა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი ჰქვია, რომლის სამხედროები, ამერიკელების მხარდამხარ, ერაყსა თუ ავღანეთში იბრძოდნენ; იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ფაქტობრივად, ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში თავისი პროდასავლური ორიენტაციითა და ევროატლანტიკური ღირებულებებით”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ენტონი ბლინკენის განცხადების შესახებ.

ექსპერტის თქმით, სანქციებითა და სავიზო შეზღუდვებით მუქარა, ძალიან კომიკურთან ერთად, დიდი უსამართლობის გამოვლინებაცაა.

“რაშია საქმე? ე.ი., ჩვენ არ გვაქვს უფლება, მივიღოთ ის კანონი, რომელიც მიგვაჩნია, რომ ჩვენი სუვერენიტეტისა და სტაბილურობისთვის იქნება გამოსადეგი. უკაცრავად და, ჩვენზე გაცილებით მკაცრი კანონები, აშშ-ის გარდა, ევროპულ სახელმწიფოებსაც ხომ აქვთ? ამის გამო, ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით ემუქრება? სად არის დასაბუთება, რომ ეს კანონი ან საზიანოა, ან რუსულია? მხოლოდ რადიკალური ჯგუფების ინფორმაციაზე დაყრდნობით მივიდა სახელმწიფო მდივანი ასეთ დასკვნამდე? საინტერესოა, რას მოიტანს ასეთი მუქარები ორმხრივ ურთიერთობებში: საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, ივაჭროს სუვერენიტეტის თემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერანაირი, ვერც დაგეგმილი და ვერც დაუგეგმავი შანტაჟის მცდელობა ვერ აიძულებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას. სანქციებითა და სავიზო შეზღუდვებით მუქარა, ძალიან კომიკურთან ერთად, დიდი უსამართლობის გამოვლინებაცაა. ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს გამჭვირვალობის კანონის გამო დაუწესო სანქციები, ლოგიკაშიც კი არ ჯდება.

ბოლოს ერთი შეკითხვაც მიჩნდება: არ იმუშავა სანქციებმა. შემდეგი რა იქნება – დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა თუ საომარი მოქმედებების დაწყება? სამწუხარო კი ისევ ისაა, რომ ამდენი ხნის ურთიერთობების მიუხედავად, ზოგიერთ ამერიკელს ჯერ კიდევ ვერ გაუცნია საქართველო და ვერც მისი ხალხის ხასიათი”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.