„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის “დექრისტიანიზაციის” პროცესის ანალიზს აკეთებს.

„დიდი ბრიტანეთის “დექრისტიანიზაციის” პროცესი, სამწუხაროდ, მზარდი ტემპით მიმდინარეობს. შოტლანდიის ეკლესია ამჟამად თავის 100 ტაძარს ყიდის, რომელთაგან ზოგიერთი 300 წლის წინ აშენდა. თანაც, ძალიან დაბალ ფასებში – 35 ათასი ფუნტიდან. მათი ახალი ძირითადი დანიშნულება – სასაწყობო მეურნეობა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში შოტლანდიის ეკლესიის მრევლის რაოდენობა 80%-ით, ანუ 1 მილიონი ადამიანით შემცირდა. ახლა ის 250 ათასს არ აღემატება. ასევე, 40%-ით შემცირდა მღვდლების (პასტორების) რაოდენობა. ამ ტემპით, 10-15 წელიწადში შოტლანდიის ეკლესია საერთოდ შეწყვეტს თავის არსებობას და მისი სამრევლო მეურნეობა „ჩალის ფასად” გაიყიდება.

რაც შეეხება ინგლისსა და უელსს, იქ ქრისტიანთა ოდენობა პირველად დაეცა 50%-ზე ქვემოთ. აქედან, ბრიტანელების მხოლოდ 6%-მა აღიარა, რომ რეგულარულად დადის ეკლესიაში და ლოცულობს. ანგლიკანურ ეკლესიაში კვირაში ერთხელ წირვა-ლოცვაზე დამსწრე ადამიანების საერთო რაოდენობა 25 წლის განმავლობაში განახევრდა და დღეისათვის 600 ათასს არ აღემატება. 2016 წლიდან დაწყებული, 300-ზე მეტი სამრევლო საერთოდ გაქრა. დარჩენილი სამრევლოების მეოთხედი კი, აღარ ატარებს ყოველკვირეულ მსახურებას.

ანგლიკანური ეკლესია სულ უფრო ხშირად არის დაკავებული „გენდერულად ნეიტრალური“ ლოცვების შემოღებით ან ერთნაირსქესიანი წყვილების ამა თუ იმ ფორმით აღიარებით. ყოველივე ეს კი მხოლოდ ამძაფრებს იქ არსებულ რელიგიურ კრიზისს, ემიჯნება საკუთარ მრავალსაუკუნოვან პრინციპებსა და ტრადიციებს რასობრივი და გენდერული დღის წესრიგის სასარგებლოდ. ამავე დროს, მთელ დიდ ბრიტანეთში მკვეთრად იზრდება მეჩეთებისა და ბუდისტური ტაძრების რაოდენობა, რომელთა საერთო რაოდენობა ამჟამად 2500-ს აღემატება. მაგალითად, ლონდონის ცენტრში, პიკადილის ქუჩის მახლობლად, ახლა იწყება დიდი, სამსართულიანი მეჩეთის მშენებლობა. მზარდი ეთნოკულტურული დიასპორები, რომელთა რიგები ყოველწლიურად მილიონობით მიგრანტით ივსება, განსაზღვრავს „დიადი ინგლისის მომავლის“ რელიგიურ ლანდშაფტს”, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.