„ძალიან რთული მეტოქე გვყავს ჩეხეთის სახით. თან მათთან აქამდე შეხვედრა არ გვქონია. ასეთი შემტევი ნაკრები ერთი-ორი თუ არის ევროპის ჩემპიონატზე. გამართულია ტაქტიკურად და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ისეთი, არაფრის შანსს რომ არ აძლევენ მოწინააღმდეგეს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება დაუპირისპიროს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებს, მით უმეტეს, რომ ნათამაშევიც არ გვაქვს მათთან. არ არსებობს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ვისაც ჩეხეთთან თამაში არ გაუჭირდება.

ჩეხეთთან შეხვედრას 26 მარტის საქართველო-საბერძნეთის მატჩს შევადარებდი. ისეთივე განწყობით უნდა ვიყოთ, როგორც მაშინ, ხოლო ფეხბურთელების მხრიდან 100%-ზე მეტი შესაძლებლობები უნდა იყოს გამოვლენილი. ამის შესაძლებლობები არსებობს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებში. ჩეხეთი  რთული მეტოქეა, მაგრამ ეს ჩვენს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას უნდა აძლევდეს. სულ რომ გერმანია ან საფრანგეთი იყოს, განწყობა უნდა იყოს ისეთი, რომ შეგვიძლია მათთან თამაში და მოგება”, – აღნიშნა დეპუტატმა.