„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დიდ ბრიტანეთში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ “ფეისბუკის” გვერდზე მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.

„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოთხი ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამიზნული გამანადგურებელი სიჩქარით რომ უახლოვდება, ამაზე უკვე მოგახსენეთ. მაგრამ, არჩევნების შემდეგ რიში სუნაკის „ოქროს პარაშუტი” არა უდაბნოში, არამედ კალიფორნიაში აპირებს დამიწებას, სადაც მან 7,2 მილიონ დოლარად უკვე შეიძინა „კომპაქტური” პენტჰაუსი. მას იქ, “ჯოჯოხეთის” მოსაწყობად, უკვე ელოდება ადგილობრივი ბრიტანული დიასპორა.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2022 წლამდე, რიში სუნაკს ნამდვილად ჰქონდა აშშ-ის „მწვანე ბარათი”, ხოლო ივლისში არჩევნები სპეციალურად დანიშნა, რათა უკვე აგვისტოში ჩაეყვანა თავისი შვილები ამერიკულ კოლეჯში.

კალიფორნიაში კი, რიში სუნაკი „ხელოვნური ინტელექტის დარგში სტარტაპების საინვესტიციო ფონდის” დაარსებას გეგმავს, რის შესახებაც მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები ილონ მასკთან.

მანამდე კი, ბრიტანული საარჩევნო კამპანია დავიდა გენერალურ დისკუსიამდე – ბოლოს და ბოლოს, ვინ ითვლება ქალად და ვინ – კაცად. ლეიბორისტების ლიდერი და პოტენციურად მომავალი პრემიერი კირ სტარმენი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, „იქონიონ პენისი”. ვისზე იყო გამიზნული ეს სერიოზული საარჩევნო განაცხადი, გაუგებარია, ვინაიდან ლეიბორისტების ელექტორატს სულ სხვა, ეკონომიკური ხასიათის პრობლემები აღელვებთ.

ამ „გლობალური” ანატომიური აღმოჩენების ფონზე კი, მზარდი პოპულარობით სარგებლობენ ულტრამემარჯვენე „რეფორმების პარტია” და მისი ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი. ის საზღვარგარეთ ბრიტანული ფინანსური ტრანშების შეჩერების, „მწვანე” დღის წესრიგის გაუქმებისა და მიგრანტების დეპორტირების საარჩევნო გზავნილებით გამოდის. ამან მისი რეიტინგი საგრძნობლად გაზარდა.

კონსერვატორთა ნახევარს უკვე სურს მის „რეფორმების პარტიასთან” გაერთიანება. თავად ნაიჯელ ფარაჯს კი აქვს კარგი შანსები – ჯონსონის, სუნაკისა და სხვა „ლუზერების” მიღმა დარჩენილ „ტორის” ფრაქციას ჩაუდგეს სათავეში. ამის შემდეგ კი, ის ბრიტანეთს ჰპირდება, რომ ლეიბორისტებს, მათ ტრანსგენდერულ თეორიებს, „მწვანე” დღის წესრიგსა და კატასტროფულ საიმიგრაციო პოლიტიკას მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს”, – წერს დავით ქართველიშვილი.