საზოგადოება ,,ქართული”, რომელიც 2024 წლის 14 აპრილს დაფუძნდა და მიზნად გლობალიზაციის გამოწვევების პირობებში ქართველი ერის იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ხელშეწყობა დაისახა, რეგიონებში შეხვედრებს იწყებს.

საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარის – გიორგი გაბუნიას განცხადებით, გაერთიანებამ პრიორიტეტად დაისახა დღემდე საზოგადოებრივი პროცესებისგან გარკვეულწილად დისტანცირებული ერის ინტელექტუალური, განათლებული და კულტურული ნაწილის არენაზე დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიურად ჩაბმისთვის მხარდაჭერა.

“პირველი შეხვედრა თბილისში, ქართული საზოგადოების გამორჩეულ აკადემიურ წრეებთან და ხელოვნების აღიარებულ წარმომადგენლებთან უკვე შედგა. შეკრებაზე იყო აზრთა გაზიარებისა და იდეების შეჯერების ჯანსაღი ატმოსფერო.
მაისი, მოგეხსენებათ, პოლიტიკურად ცხელი გამოდგა, რის გამოც მხოლოდ ახლა შევძელით, დაგვეწყო გასვლები რეგიონებში”, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, რეგიონებში მოღვაწე ერის ინტელექტუალური ნაწილი არის ოქროს ფონდი, რომლის საერთო ეროვნული საკითხების გააზრებასა და გადაჭრაში აქტიურად ჩაბმა დღეს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ამოცანა.

„ჩვენი მიზანია, რეგიონების კულტურის, ხელოვნების, განათლებისა და სხვა ინტელექტულური სფეროს წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ხედვები და ფიქრები გლობალიზაციის დღევანდელ ეპოქაში ერის წინაშე მდგარ ამოცანებსა და სირთულეებზე. მაგრამ, ჩვენთვის ამ პროცესში მთავარი მაინც არის მათი მოსმენა, მათი აზრებისა და წუხილის გაზიარება, ინიციატივების აკუმულაცია, რათა ეს საერთი ფიქრები, საბოლოოდ, დიდ ეროვნულ ენერგიად ვაქციოთ და თითო აგური დავდოთ საერთო ეროვნული საკითხების მოგვარების საქმეში”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

საზოგადოება “ქართულის” შეხვედრების განრიგი:

გურია, ოზურგეთი – 21 ივნისი, 17:00 სთ.
გიორგი ჭანტურიას 1, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;

სამეგრელო, ზუგდიდი – 22 ივნისი, 13:00 სთ.
მერაბ კოსტავას 116, დადიანების სასახლე.

საკონტაქტო პირი – მარიამ ებანოიძე. ტელ.: 551 91 19 05.

საზოგადოება გეგმავს, ანალოგიური შეხვედრები ყველა რეგიონში გამართოს.