დავით ჩიხელიძე: “ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინეს, როცა საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს. მათი ინიციატივა რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში ვერ მოხვდა, რაც ევროპელი პოლიტიკოსების დამსახურებაა”

267

“რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო და საუბარი იმაზე, რომ ის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდა, ჭორი იყო. დღეს დადასტურდა, რომ ჩვენი ოპოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია და ის ხელს უშლიდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ორგანიზაციაა, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინეს, როცა საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, მათი ინიციატივა რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში ვერ მოხვდა, რაც ევროპელი პოლიტიკოსების დამსახურებაა, მაგრამ თვითონ ფაქტი ტრაგიკულია და ოპოზიციის სახის დაკარგვას აჩვენებს!

ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა უღალატეს არა სახელმწიფოს, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს. სირცხვილია, ხმა მისცე პარტიას, რომელიც ღიად ებრძვის საქართველოს.

“ნაციონალური მოძრაობისგან” მსგავსი ნაბიჯი არ მიკვირს, რადგან მათ ხელი მოაწერეს ტალიავინის დასკვნას, რომელიც საქართველოს წამგებიან პოზიციაში აყენებდა. სწორედ ეს იყო პირველი მასშტაბური ღალატი, რომელიც მათ შერჩათ და პასუხი არ აგეს.

დაუშვებელია მორიგი ღალატის მხოლოდ აღშფოთებით გაპროტესტება. “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ორგანიზაციაა, რომელიც არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს გაატარებს“, – წერს დავით ჩიხელიძე.