პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება.

„ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებასთან” დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რევანშისტული დღის წესრიგითა და პარტიკულარული ინტერესებით, რომელიც, ქართველ ხალხთან ბრძოლის სხვა მეთოდებთან ერთად, წარმატებით იყენებს ტელეკრატიას, წამლავს რა საზოგადოებას სიცრუეზე აგებული ინფორმაციით.
ეს უკანასკნელი, საზოგადოების აზრის მარტივი ფორმირებისათვის მიგნებული მეთოდი აღმოჩნდა და ეს რესურსი სრულად აითვისეს “TV პირველმა” და “მთავარმა”- ყველაზე არაობიექტურის “ობიექტურობით”. საზოგადოებამ დღეს იცის ამ ტელეარხების “ქართული ოცნების” გუნდისადმი რადიკალური განწყობა და ამ არხის მსმენელები გამოირჩევიან მათი ტენდენციური პოლიტიკური დამოკიდებულებისადმი ბრმა მინდობით.

ამ ფონზე, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს პოლიტიკურად გაცვეთილი მედია. სწორედ ამიტომ, დადგა საჭიროება, შეექმნათ და ბრძოლის ველზე გამოეძახათ ახალი მოთამაშე, და
სულ რაღაც ორიოდე თვის წინ საქართველოში ახალი „ტელევიზიის“ დაფუძნებაზე განცხადება გააკეთა პოლიტიკასა და ბიზნესში საეჭვო რეპუტაციის მქონე პიროვნებამ, შოთა შალელაშვილმა.

„ტელევიზიამ“, გახსნიდან რამდენიმე დღეში, პოლიტიკური “ექსკლუზივებით“ დაიწყო მაყურებლის კონკრეტული ნარატივით ინფორმაციული “გადამზადება”, რამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ამ დროებითი არხის შექმნისა და ამუშავების ჩემ მიერ ზემოთ უკვე ნახსენები მიზანი.

რამდენიმე დღის წინ კი, საზოგადოებას „ექსკლუზიურად“ ეცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით იქმნება პოლიტიკური პარტია შოთა შალელაშვილის, ეკა ბესელიასა და თამარ ჩუგოშვილის იდეური ერთიანობით.
ამ ურეიტინგო ხალხის იდეური ერთობა არაფრისმომცემია, თან იმდენად არაფრის, რომ მათი ერთობა პოლიტიკურად გაამყარეს პრეზიდენტის სტატუსს თავშეფარებული სალომე ზურაბიშვილის ანტიეროვნული იმიჯით.

ლეგიტიმურია კითხვა – რა მიზანი აქვთ ამ სქემით მოქმედ “მეგობრებს”, რატომ იდება ამხელა რესურსი ამ არაფრისმომცემი გაერთიანების დასალაგებლად?
და აი, მთავარი სათქმელიც აქ არის – მზადდება პოლიტიკური პლატფორმა გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გასაერთიანებლად. სწორედ ეს სასაცილო პლატფორმა გახდება ის ადგილი, სადაც ერთ დროს ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ადამიანები „გამონახავენ“ საერთო ენას, ხოლო ბესელია, შალელაშვილი და ჩუგოშვილი იქნებიან ცვილის ფიგურები ამ თამაშში.
მათი ეს პოლიტიკური მოქმედების სქემა კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ აგენტურას, რომელიც ქართულ სახელმწიფოში კონკრეტული ქვეყნების დავალებით მოქმედებენ, წარმოდგენა არ აქვთ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის განწყობებზე.
მათ არ სჯერათ, რომ 2003 წლის ამომრჩეველსა და 2024 წლის ამომრჩეველს შორის განსხვავება ძირეულია და პოლიტიკური პროცესები არ არის დაფუძნებული “სიცარიელის” პიარსა და გარედან მოთხოვნილ საჭიროებებზე.
ჩვენი ხალხი ბრძენია და მოახლოებულ არჩევნებზე კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს უსამშობლო აგენტურას.
პოლიტიკური “არა”, რომელსაც ოპოზიციური სპექტრი საშემოდგომოს სახით მიიღებს, იქნება კარგი მაგალითი იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოში ამომრჩეველი ეროვნულ ინტერესებზე გათვლილ არჩევანს, პოლიტიკური პრაგმატიზმით და არა “გმირის ძიებით” აკეთებს”, – წერს მეგრელიშვილი.