“თავიდან ბოლომდე ტყუილია ეს განცხადება, დაწყებული მისი საფუძვლებიდან, რაზეც მიუთითა ელჩმა. პირველ რიგში, კითხვა ის არის, რის შეჩერებას აპირებს საფრანგეთი, რაც არ არსებობს რეალურად? საქართველოს ბიუჯეტი არანაირად არ არის დამოკიდებული არც საფრანგეთისგან მიღებულ დახმარებებზე, არც რომელიმე გაერთიანების ან რომელიმე ცალკეული სახელმწიფოსგან მიღებულ შემოსავლებზე”, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა საფრანგეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით.
„საქართველო ცხოვრობს და ვითარდება იმ ფინანსებით, იმ ფულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის შიგნით გენერირდება; იმ გადასახადებით, რასაც ქართული ბიზნესი და საქართველოს მოქალაქეები იხდიან. ბოლო წლებში სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპი სწორედ იმის საშუალებას იძლევა, რომ ბიუჯეტი გაიზარდოს და ეს ბიუჯეტი ხმარდება პოლიციის, ჯარის, განათლების სისტემისა და სხვა მიმართულებების დაფინანსებას.
ასე რომ, ეს არის უდიდესი ტყუილი, რომ საქართველო რამენაირად დამოკიდებულია რომელიმე ქვეყნის ფინანსურ დახმარებაზე. მაგრამ აქ მთავარი ის არის, ზოგადად რატომ აძლევენ ასეთი ნაბიჯების უფლებას საკუთარ თავს. ჩვენ ვართ მძევალი ევროინტეგრაციის საკითხისა და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია სასწრაფოდ დისკუსიის გახსნა და ლაპარაკის დაწყება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მოიპოვოს ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი.
სწორედ ეს მიგვაჩნია ყველაზე ეფექტიან გზად, რათა ასეთ ნაბიჯებს, ასეთ შანტაჟს აღარ ჰქონდეს ადგილი და ასეთი გადაწყვეტილებებით ვერ მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე ნეგატიური ზემოქმედება. ყველამ კარგად ვიცით, რას ისახავს მიზნად ასეთი შანტაჟი, – ეს არის საქართველოში მღელვარების გამოწვევა, ისეთი მღელვარების, რომლის საფუძველზეც არასაარჩევნო, არადემოკრატიული გზებით უნდა შეიცვალოს ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლება და სათავეში ისეთი ძალები მოიყვანონ, რომლებიც იქნებიან ერთი ცენტრიდან წამოსული დავალებების უსიტყვო შემსრულებლები, და ეს ცენტრი არის ვაშინგტონი“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.