ამერიკული გამოცემა “Politico” სტატიას აქვეყნებს და აღნიშულია, რომ ბოლო დროს დასავლელი დიპლომატები შოკირებულები არიან აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ დაშვებული შეცდომებით და ამის გამო მისი ოპონენტის რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპის გარემოცვასთან ურთიერთობების დალაგება დაიწყეს.

“ამერიკის ზოგი მოკავშირისთვის დადგა დრო ფსონი სხვა კაცზე დადოს. პირველად აშშ-ის მოკავშირეები შეშფოთდნენ მაშინ, როცა ბაიდენმა ტრამპთან გასულ თვეს ტელედებატები გამართა, რა დროსაც მას საკუთარი აზრის ჩამოყალიბება გაუჭირდა.

შემდეგ, გასულ ხუთშაბათს ბაიდენს ვრცელი პრეს-კონფერენცია ჰქონდა ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში. პრეს-კონფერენციის დრო ის ამტკიცებდა, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია და მზადაა პრეზიდენტად მეორე ვადით იმუშაოს, დაამარცხოს ტრამპი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინად წარადგინა.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში ბაიდენისა და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის კიტ სტარმერის პირველი შეხვედრა შედგა, რომლის მიზანი ამერიკასა და ბრიტანეთს შორის არსებული „განსაკუთრებული ურთიერთობების“ დადასტურება იყო. ბრიტანელებიც კი ბაიდენის სისუსტით შოკირებულები იყვნენ”,- წერს “Politico”.

„ეს სიგიჟეა. ყველა მის წინასაარჩევნო გზავნილს ცნობები მისი ჯანმრთელობის შესახებ გადაფარავს. და ის დასაცინი ხდება მთელი მსოფლიოს თვალში“, – ციტირებს “Politico” ერთ-ერთ ბრიტანელ ჩინოვნიკს.

“Politico” ასევე აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ვაშინგტონში კარენ პირსმა ტრამპის გუნდის წევრებთან და რესპუბლიკური პარტიის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობების დალაგება დაიწყო. საელჩო შუამავლის როლს თამაშობს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ პარტიებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ივარაუდება, რომ ტრამპის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყებენ მუშაობას.

“განგაში აქვთ ატეხილი გერმანელ პოლიტიკოსებსაც. გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან როდრიხ კიზევეტერმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის, ის ამით ტრამპს მხოლოდ დაეხმარება”,- აღნიშნულია “Politico-ს” სტატიაში.