“მიხეილ სააკაშვილმა, არაჟნების ხელმწიფემ, არაჟნების კონტეინერით გადმოკვეთა საზღვარი. ცოტა რთულია ალბათ, ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე და მასთან დაკავშირებულ სასჯელებზე, ადამიანურად შეუძლებელია ვისაუბროთ მასზე ემოციის გარეშე. მგონი, სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი არ დარჩენილა, რომელიც ამ ადამიანს დარღვეული არ აქვს, რომლითაც ბრალდებული ან მსჯავრდადებული არ არის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ.

“ეს ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობენ, სამწუხაროდ, არ აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რა მუხლებით არის ეს ადამიანი ბრალდებული თუ მსჯავრდებული და რა კატეგორიის მუხლებს ეხება, მაგალითად, კორუფციას და სამოხელეო დანაშაულს, წარმოიდგინეთ, ჩვენ ამნისტიის პროექტში გაგვეთვალისწინებინა ისეთი მუხლები, რომლებიც კორუფციას და სამოხელეო დანაშაულს ეხება, ხომ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები რა ამბავს ატეხდნენ და რას იტყოდნენ და რა სპეკულაციებში გადავარდებოდნენ და ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი არის ასეთ მუხლებით მსჯავრდადებული. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა პიროვნულად, კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი მუხლით რომელი ადამიანია მსჯავრდადებული, მთავარია დანაშაულის ბუნება და სახელმწიფო პოლიტიკა ამ დანაშაულებთან დაკავშირებით როგორია. რა თქმა უნდა, უმკაცრესია კორუფციასთან, სამოხელეო დანაშაულთან, სიცოცხლის მოსპობასთან, სქესობრივ დანაშაულებთან”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.