„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ წერილს, სადაც მოჰყავს არაერთი მაგალითი იმისა, თუ სადამდე შეიძლება პარანოიამ მიიყვანოს საზოგადოება ამა თუ იმ ფაქტის შეფასებისას; როგორ შეიძლება მოინათლოს არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის პროექტი და როგორ ხდება მტრის ხატის შექმნა.
„მოგეხსენებათ, თუ თქვენ პარანოია გჭირთ, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ არ გითვალთვალებენ. მაგრამ, უნდა აღიაროთ, რომ სწორედ პარანოია ართულებს იმის ზუსტ დადგენას, თუ ვინ ახორციელებს თქვენს ფარულ თვალთვალს სინამდვილეში, რადგანაც თქვენი ეს ავადმყოფური მდგომარეობა მუდმივად აფართოებს ეჭვმიტანილთა წრეს.
ავტორიტეტული გამოცემა „The Wall Street Journal-ის“ თანახმად, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კერძო ფორმით გააფრთხილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიები, რომ წყალქვეშა კაბელები, რომლებიც ატარებენ ინტერნეტ ტრაფიკს წყნარ ოკეანეში, დაუცველი არიან ჩინეთის სარემონტო გემების მხრიდან ჩასატარებელი მანიპულაციებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის ეჭვების ადრესატი ჩინური საერთაშორისო საკაბელო სარემონტო კომპანია S.B. Submarine Systems-ია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში პერიოდულად „უმალავდა“ თავისი გემების ადგილმდებარეობას სატელიტური თვალთვალის რადარებს. მართალია, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ხდებოდა არა შპიონაჟისა და მდებარეობის განზრახ დამალვის მიზნით, არამედ წყნარი ოკეანის არასაკმარისი თანამგზავრული დაფარვის გამო. მაგრამ როცა საქმე ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეს ეხება, ვის აინტერესებს “კოსმოპოლიტი“ ექსპერტების მოსაზრება?! ადეკვატური სპეციალისტების აზრის უგულვებელყოფით, ამერიკელი პატრიოტი-ჩინოვნიკები გვთავაზობენ „სამყაროს სრულყოფილ სურათს“, რომლის თანახმადაც, ჩინური სარემონტო გემები ღრმაწყლოვან ფსკერზე გამავალი კაბელებიდან „ხსნიან“ საიდუმლო ინფორმაციის შემცველ მონაცემებს.
იმავე გამოცემის თანახმად, ამერიკელი კონგრესმენების სულ უფრო დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ გარდა „კლასიკური“ შპიონაჟით დაკავებული ჩინური ფლოტისა, მაღალი პროგრამული უზრუნველყოფის მქონე ჩინური სარემონტო გემები აკონტროლებენ აშშ-ის მთელ სანაპირო ზოლს 24/7 რეჟიმში.
იმ ფაქტს, რომ „ჩვენს ირგვლივ უამრავი მტერია“, რომელიც ამერიკული დემოკრატიის დამხობის გეგმას აყალიბებს, გამოცემა ამყარებს 20 წლის ინდოელი საი კანდულას ისტორიით, რომელიც, ერთი წლის წინ, თეთრი სახლის ღობეს სატვირთო მანქანით შეეჯახა. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, მას მხოლოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამშობლოში შემდგომი დეპორტაციის ვალდებულებით. საი კანდულამ სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ სურდა აშშ-ის მთავრობის დამხობა და მისი ჩანაცვლება ნაცისტური დიქტატურით. ის ფაქტი, რომ ბრალდებული შიზოფრენიისაგან განკურნების მიზნით ძლიერ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, ვერ გახდა შემამსუბუქებელი გარემოება „დემოკრატიის სადარაჯოზე“ მყოფი ამერიკული სასამართლო სისტემისთვის. ახლა კი, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, როგორი დაუცველი იქნება ამერიკული „დემოკრატიის ციტადელი“, თუ მზაკვარი ჩინელები მოახერხებენ საკუთარი სარემონტო გემების ამწეებზე მსგავსი ინდუსი ოპერატორების დასაქმებას! თუმცა, ამერიკული პარანოიის რეციდივებში „პეკინის ხელი“ მაინც ვერანაირად შეედრება კლასიკური „მოსკოვის ხელის“ შესაძლებლობებს.
კიდევ ერთი ძალზე პატივსაცემი გამოცემა – “The Times-ი” წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებიც ესტონეთში წვრთნებში [ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნების – Steadfast Defender-ის ფარგლებში] მონაწილეობდნენ, გააფრთხილეს, რომ რუსული დაზვერვა მათ მობილურ ტელეფონებს აკონტროლებდა. ამიტომ ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს ურჩიეს, წვრთნების დროს მობილური ტელეფონები თან არ წაეღოთ. აქ კი, ერთმანეთს შეეჯახა ერთდროულად ორი ეჭვის დრამატული სუპერპოზიცია: მოსკოვის – მზაკვრობაში, ხოლო საკუთარი მებრძოლების – უპასუხისმგებლობაში.
ამიტომაც, სწავლების სარდლობამ ბრიტანელ მეომრებს ზღვაში გადახტომა აიძულა, რათა მათ მიერ დამალული მობილური ტელეფონები მწყობრიდან გამოეყვანათ. შესაძლოა, იმავე ტიპის პარანოიის გამო, ესტონეთში ნატო-ს 250 მებრძოლის პარაშუტით დესანტირება განახორციელეს ძლიერი ქარის პირობებში, რის გამოც ისეთ დიდ ტერიტორიაზე მიმოიფანტნენ, საიდანაც მათ, ჰოსპიტალში გასაგზავნად, დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდნენ. მეტიც, ერთმა მედესანტემ, ოფიციალური ინფორმაციით, დედამიწაზე დაშვებისას ზურგჩანთით ჩამოაგდო ელექტროგადამცემი ხაზის ბეტონის ბოძი. ამ ეტაპზე ძნელია იმის მარჩიელობა, თუ ვისი „ხელი“ მოელანდათ საქართველოში – პეკინის თუ მოსკოვის, მაგრამ ამასობაში, ჩვენთან დაგეგმილი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ გაურკვეველი ვადით გადაიდო, – ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამას მომავალი გვიჩვენებს”, – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის“ გვერდზე.