„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაკარგა ნაციონალური ინტერესი და გახდა უფრო გლობალური ძალების წარმომადგენელი“, – განაცხადა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა ლევან ჭოტორლიშვილმა ტელეკომპანია “POSTV-ის” ეთერში, გადაცემა „კვირის პოსტში“, რითაც უპასუხა კითხვას – ხომ არ ასცდა ევროკავშირის ბიუროკრატიული ელიტა წევრი ქვეყნების ინტერესებს და ხომ არ მოქმედებს ის ოკეანის გაღმიდან მიღებული დირექტივებით.
„ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ გაჩნდება მეორე შეკითხვა: თვითონ ოკეანის გაღმელი პოლიტიკური ძალები ვისი ინტერესებით მოქმედებენ?! იქაც ხომ იგივე პოლიტიკური პროცესები მიდის, რაც ევროპაში. იქაც ხომ ერთმანეთს ეჯახება ნაციონალური სახელმწიფოს იდეა და გლობალისტური ძალაუფლებისა და საზოგადოების თემა, რომელსაც არ აქვს საზღვრები და გავლენები უნდა იყოს გავრცელებული, ფაქტობრივად, ყველგან და ყველაფერში. იქაც იგივე პროცესები მიდის – მე ასე ვხედავ. ამ თვალსაზრისით, თუ ევროპული ბიუროკრატია მისდევს ამერიკული ბიუროკრატიისა და “დიფ სტეიტის” პოლიტიკას, მაშინ საკითხი ასე დგება – თვითონ ამერიკული “დიფ სტეიტი” ვის ემსახურება. მე ამას ვხედავ როგორც ძალაუფლების ცენტრების ბიუროკრატიიდან და სახელმწიფო აპარატიდან გადანაცვლებას კორპორაციებსა და პოლიტიკურ დისკურსებში. დღეს, რეალურად, დღის წესრიგს ქმნიან დიდი კორპორაციები და პოლიტიკური დისკურსები. ფაქტობრივად, ძალაუფლებისა და ხელისუფლების და საზოგადოების მოწყობის ორი ტიპი ეჯახება ერთმანეთს: ისტორიული და ახალი, მოდერნული თუ პოსტმოდერნული სისტემა, რომელიც უკვე აღარ უყურებს სახელმწიფოს როგორც ორგანიზაციის ერთადერთ ფორმას. ამ თვალსაზრისით, თვითონ ამერიკაც ამ პროცესების ნაწილია”, – განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.