„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის – დონალდ ტრამპის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული სენატორის შესახებ წერს.

„რა ვიცით 39 წლის სენატორ ჯეი დი ვენსზე შტატ ოჰაიოდან, რომელიც გუშინ დონალდ ტრამპმა თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა? ამ ეტაპზე, შემოვიფარგლოთ მისი დამოკიდებულებით უკრაინაში მიმდინარე ომთან და დავიწყოთ მისი ციტატით (2023 წლის 10 დეკემბერი, „CNN“): „სახეზეა სასურსათო კრიზისი, რომელიც სულ უფრო მწვავდება აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომის გამო. გაჩნდა ენერგეტიკული კრიზისიც, რომელიც წალეკვით ემუქრება დასავლეთ ევროპის უამრავ მოკავშირე მთავრობას. რაც ყველაზე სწორად პასუხობს ამერიკის ინტერესებს, ესაა იმის მიღება, რომ უკრაინა დაუთმობს თავისი ტერიტორიის ნაწილს რუსებს და რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. როდესაც აქ ვფიქრობ უდიდეს ადამიანურ ტრაგედიაზე, ამ კონფლიქტში დაღუპულ ასობით, ათასობით უდანაშაულო აღმოსავლეთევროპელზე, ჩვენს ინტერესებშია ადამიანების დაღუპვის შეჩერება“.

„CNN-ზე“ ამ გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე ვენსმა ასევე განაცხადა: „ზელენსკის სამხედროები შორს არიან რეალობიდან და მისი უახლოესი გარემოცვიდან ზოგიერთი მას წინააღმდეგობას უწევს. ეს ყოველივე იმით უნდა დასრულებულიყო, რომ რუსეთი გააკონტროლებდა უკრაინული ტერიტორიის ნაწილს, ხოლო შეთანხმება მოლაპარაკებების გზით იქნებოდა მიღწეული. მე ამის შესახებ მთელი წელია, ვლაპარაკობ. ეს ყველასთვის ცხადი იყო, ვინც ადგილზე არსებულ რეალობას აკვირდებოდა”.

2023 წლის 11 დეკემბერს “Fox News-ზე” ლორა ინგრემის ტოქშოუში ჯეი დი ვენსმა ზელენსკის ვიზიტს უწოდა სენატში თავისი ყოფნის პერიოდში „ყველაზე სამარცხვინო ფარსი” და ყოვლად უღირსი საქციელი, როდესაც ის ამერიკელებისაგან ითხოვდა იმ 61 მილიარდ დოლარს, რაც ქვეყნის სამხრეთის საზღვრების გასაძლიერებლად უნდა გამოყენებულიყო. ვენსმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელება უკრაინას გადააქცევს აშშ-ის „მუდმივ უუნარო კლიენტად”, რომელიც ვერასდროს შეძლებს თავის სახელმწიფო მისიის, საპენსიო და სხვა ფულადი ვალდებულებების დამოუკიდებლად შესრულებას“, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.