„ხალხის ძალის“ წევრი, ტელეწამყვანი იოანე შაიშმელაშვილი “ფეისბუკში” ეხმაურება „ქართული ოცნების“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციიდან 97% არ ავსებს წლიურ დეკლარაციას. ასევე, ემხაურება ამ კვლევის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოში სამინისტროებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს 11-ჯერ აღემატება.
„ევროკავშირის წარმომადგენლობამ მცირე ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ ვის და როგორ აფინანსებდნენ 2019-2024 წლებში, სადაც აღმოჩნდა, რომ საჯარო უწყებებისთვის 517 მილიონი ევრო დახარჯულა, სამოქალაქო სექტორისთვის კი – 46.1 მილიონი ევრო.
კარგია, რომ ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, მაგრამ ამ მცირე ინფორმაციით ვერ გადაიფარება ის შეკითხვები, რაც ე.წ. სამოქალაქო, რადიკალური სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს.
ვერ გადაიფარება პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დასმული საკითხი – 2012 წლის შემდეგ ამ ორგანიზაციებისთვის დახარჯული 85.4 მილიონი ლარიდან 70 მილიონის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით;
ვერ გადაიფარება ვერც „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევისას დაყენებული საკითხები 474 NGO-ს აბსოლუტური ფინანსური გაუმჭვირვალობისა და ბუნდოვანი საქმიანობის შესახებ;
ვერ გადაიფარება ვერც ის, რომ როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ისე სხვა ოფიციალური პირები დასავლეთიდან, დეპუტატებსა და საჯარო მოხელეებზე თავდასხმას საკუთარი დუმილით პირდაპირ ახალისებენ.
არსობრივად, თავდასხმა რომელიმე დეპუტატსა ან მინისტრზე, მისი ქუჩაში დევნა, ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მცდელობა, ფსიქოლოგიური ტერორი და ე.წ. დაქენსელების ანუ საზოგადოებიდან მოკვეთის მცდელობა ზუსტად იმავე მნიშვნელობისაა, რაც სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე ან შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპზე თავდასხმა მკვლელობის მცდელობით.
შესაბამისად, რეაგირებაც დასავლეთის ოფიციალური ან არაოფიციალური პირებისგან მყისიერი და მკვეთრი უნდა იყოს, რაც, ჯერჯერობით, არ ხდება.
კარგია, რომ მცირე, მაგრამ მაინც გარკვეული ინფორმაცია ცნობილი გახდა, მაგრამ ეს არათუ საკმარისი არ არის, პირიქით, უფრო მეტ შეკითხვას აჩენს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აქ ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ფინანსებთან შეკითხვები ყოველთვის მცირე იყო.
ყველაზე დიდი შეკითხვები არსებობს იმ დონორებთან მიმართებით, რომლებიც ამ 474 და, ალბათ, კიდევ რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებლები არიან, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შავი ხვრელი არსებობს.
აი, სწორედ ამ შეკითხვებზეა პასუხი გასაცემი. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური ინფორმაციით კი ეს კითხვები ვერ გადაიფარება”, – წერს იოანე შაიშმელაშვილი.