“ომი მშვიდობის კონკურენტი ვერ იქნება, როგორც უიმედობა კეთილდღეობის, ნგრევა აღმშენებლობის, უსამშობლობა  პატრიოტიზმის – ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს ომის, ნგრევის და უსამშობლობის საბოლოო დამარცხების დღე,’’ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თითოეული ნაბიჯის, ქვეყნის ევროპული გზის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის ძალისხმევის მთავარი შემფასებელი არის არა სხვა რომელიმე დედაქალაქი თუ უცხოელი პოლიტიკოსი, არამედ არიან საქართველოს მოქალაქეები. 

 

“ყველა ქვეყანამ თავისი უნიკალური გზა გაიარა ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ყველა თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, მომავლის ხედვით და ფუნქციით შედის ამ კავშირში. დღესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნები სხვადასხვა გამოცდილებას, გამოცდას, განსაცდელსაც კი გადიან.  ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. პირველი, ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა. ამ მხრივ ჩვენი ევროპული გზა ნიშნავს ქართული, ანუ ევროპული კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებას და მათ განვითარებაში თანამონაწილეობას. 

 

მეორე, ეს არის ევროკავშირი როგორც ევროპელ ხალხთა გაერთიანება. ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად, და არა უბრალოდ შევერიოთ მას.

 

ჩვენი თითოეული ნაბიჯის, ქვეყნის ევროპული გზის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის ძალისხმევის მთავარი შემფასებელი არის არა სხვა რომელიმე დედაქალაქი თუ უცხოელი პოლიტიკოსი, არამედ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხედავენ და აფასებენ ჩვენი გუნდის ერთგულებას სამშობლოსა და თითოეული ადამიანისადმი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ არჩევნებში კონკურენტი არ გვყავს, ვინაიდან ომი მშვიდობის კონკურენტი ვერ იქნება, ისევე როგორც უიმედობა – კეთილდღეობის, ნგრევა – აღმშენებლობის, უსამშობლობა – პატრიოტიზმის. ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს არა უბრალოდ მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ანუ ჭეშმარიტი „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ ეს უნდა იყოს ომის, ნგრევის და უსამშობლობის საბოლოო დამარცხების დღე.

გვჯერა გამარჯვების! თქვენით, თქვენთვის და თქვენთან ერთად!

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.