ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია „TV პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით პასუხობს.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, „რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია მუდმივად დაკავებულია დეზინფორმაციის გავრცელებით და მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციით“.

“ვეხმაურებით “TV პირველის“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ოზურგეთის N3 ბაგა-ბაღის შენობასთან დაკავშირებით – თითქოს EU-დან მიღებული გრანტით რეაბილიტირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის სახურავი ინგრევა და ფასადი ჩამოიშალა. ეს ცნობა სიცრუეა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

სინამდვილეში, ოზურგეთის ინფრასტრუქტურული და ურბანული განახლების ნაწილში, გასულ წელს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და ქალაქის ცენტრში არსებული შენობების იერსახე მოვაწესრიგეთ და ფასადები გავაკეთეთ, რომელიც რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის გრანტით განხორციელდა. რაც შეეხება N3 ბაგა-ბაღში მიმდინარე სამუშაოებს – ამჟამად, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ახალი პროგრამით მიმდინარეობს შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც კონსტრუქციულ ნაწილსაც შეეხო. ამისათვის საჭირო გახდა ფასადის პანელების დროებით მოხსნა, რომელიც სამუშაოების დასრულებისთანავე ისევ დამაგრდება.

ამასთანავე, ხაზგასმით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ გააჩნია.

რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია მუდმივად დაკავებულია დეზინფორმაციის გავრცელებით და მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციით, რასაც, ბუნებრივია, არც ერთ შემთხვევაში უპასუხოდ არ დავტოვებთ!” – აღნიშნულია განცხადებაში.