საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემას პასუხობს, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჰილარი კლინტონისთვის 2012 წელს მიწერილ წერილს შეეხება.

“გაუგებარია, რატომ მანიპულირებენ ამ წერილით. გავეცანი ამ წერილს, საზოგადოებაც გაეცნო და ჩვენი გუნდი, დღესაც, ისევე, როგორც 2012-ში – ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე და ჩვენი გუნდი, ზუსტად იმ სულისკვეთებით ვდგავართ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების სადარაჯოზე, რა პრინციპებითა და ღირებულებებითაც მოვედით 2012 წელს ხელისუფლებაში, და ეს ასე გრძელდება.

ჩვენს ოპოზიციას ვეტყვი, რომ ჩვენ ვდგავართ რეალურად დემოკრატიის, რეალურად სუვერენიტეტის და ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების გვერდით და სადარაჯოზე და არა უცხო ქვეყნის აგენტურის სადარაჯოზე და უცხო ქვეყნიდან ნაკარნახევი აგენტურული ქმედებების სადარაჯოზე. აქ მანიპულაციის საფუძველს და აჟიოტაჟის ასატეხს აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ. დიახ, დღესაც ამ აზრზე და ამ პოზიციაზე ვართ ყველანი“, -განაცხადა კირცხალიამ.