“მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ეს კვლევა სუბიექტური რომ არის, თუნდაც აქედან ჩანს: როგორ შეიძლება, ქვეყანაში იყოს პოზიტიური შეფასება გამჭვირვალობის, მთავრობის კეთილსინდისიერების, მთავრობის მეთაურის ნდობის, დემოკრატიის წინსვლისა და სამართლის უზენაესობის კუთხით და, ამავე დროს, მედიის თავისუფლების ინდექსში ვითომ ჩამორჩენა გვქონდეს? რა თქმა უნდა, ეს არის სუბიექტური”, – განაცხადა “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” კვლევასთან დაკავშირებით.

“გარდა ამისა, საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს შეუძლია, უმოკლეს ვადაში, მარტივი პროცედურით შექმნას მედიასაშუალება და რამდენიც გნებავთ, იმდენი კითხვა დასვას.

ჩვენ ისიც კი ვიცით, დღეს, კრიტიკულ მედიას რომ უწოდებენ თავიანთ თავს, რეალურად, ნერვების მოშლით არიან დაკავებულნი – ვხედავთ, რომ ისეთ კითხვებს სვამენ, პასუხსაც თვითონ სცემენ, კომენტარსაც თვითონ აკეთებენ და ჩვენ გვიწევს მერე სწორი პასუხების გაცემა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხომ არსებობენ, ხელს ხომ არავინ უშლით, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, სადაც საჯაროდ, პირდაპირ აყაჩაღებდნენ და ხურავდნენ მედიასაშუალებებს.

ელემენტარულად, ნამუსსაც ხომ უნდა მიაკითხონ ხანდახან, როდესაც საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე? წინა ხელისუფლების დროს ერთი- ერთში ემთხვეოდა ყველა მედიასაშუალების ნებისმიერი გადაცემა, აღარაფერს ვამბობ პირდაპირ საჯაროდ დახურვაზე, სპეცრაზმის შევარდნაზე და ა.შ. კიდევ ვიმეორებ: დღეს ვითომ კრიტიკული მედიის ქურქმოსხმულები პირდაპირ დავალებებს რომ ასრულებენ, მიუხედავად ამისა, ისინი მშვენივრად ფუნქციონირებენ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.