ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკა ტიკარაძე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„წუთისოფელი ბრძოლაა, ბრძოლა ნათელსა და ბნელს, სიკეთესა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის! ბევრჯერ გამარჯვებულს და დამაშვრალს, ადრე თუ გვიან, მაინც გიხმობს ღმერთი თავისთან.

კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა საქართველომ და სამედიცინო საზოგადოებამ. ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. გარდა თქვენი დამსახურებული ტიტულებისა, თქვენ დაიმსახურეთ საკუთარი ხალხის ნდობა და სიყვარული. მუდამ ენერგიულს, გულანთებულს, სხვისი ჭირ-ვარამის გამზიარებელს და მკურნალს, აი ასეთს გიცნობდათ ყველა. მე წილად მხვდა ბედნიერება, ერთად გვებრძოლა და გადაგვერჩინა ადამიანის სიცოცხლე ურთულეს პერიოდში.

ყოველთვის მხიბლავდა თქვენი ენციკლოპედიური ცოდნა და დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. თქვენი სახით დავკარგე უფროსი მეგობარი და თანამებრძოლი. დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გემშვიდობებით, ბატონო თენგიზ! თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებსა და ჩვენს ქვეყანას. სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მებრძოლმა დიდმა ადამიანმა დაგვტოვა!“ – წერს ეკა ტიკარაძე.

ცნობისთვის, იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი თენგიზ ცერცვაძე ავადმყოფობის გამო 76 წლის ასაკში, 1-ელ აგვისტოს გარდაიცვალა.