„აი ამას ელოდებიან ჩვენი ცვილის ფიგურები 27 ოქტომბერს,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში მადუროს გამარჯვების არცნობასა და ვენესუელელი ხალხისთვის გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ ცნო ვენესუელის არჩევნებში მადუროს გამარჯვება და ოფიციალური განცხადებით მიმართა ვენესუელელ ხალხს: “ვულოცავთ ედმუნდო გონსალეს ურუტიას წარმატებულ კამპანიას. ახლა დადგა დრო, რომ ვენესუელელმა მხარეებმა დაიწყონ დისკუსია ვენესუელის საარჩევნო კანონმდებლობისა და ვენესუელელი ხალხის სურვილების შესაბამისად, პატივისცემით, მშვიდობიანი გადაბარების შესახებ”.

ჩვენ შეგვიძლია, აშშ-ის სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” კი წარმოვიდგინოთ ჩვენთან მიმართებით: „ვულოცავთ ქართველ ხალხს წარმატებულ საარჩევნო კამპანიას. ვულოცავთ ელისაშვილსა და ხაზარაძეს, ზურაბიშვილსა და ჯაფარიძეს, ლომჯარიასა და მარგველაშვილს, ბოკუჩავასა და გვარამიას. ახლა დადგა დრო, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა მხარეებმა დაიწყონ დისკუსია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და ქართველი ხალხის სურვილების შესაბამისად, პატივისცემით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ”.

შეინახეთ ეს სტატუსი. ამაზე დიდად განსხვავებული ტექსტი 27 ოქტომბერს არ იქნება…“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.