„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წერს.

“ფორმულას“ „ედისონ რისერჩის” კვლევებმა დამარეკვინეს დღეს კალიფორნიაში, ჩემს უახლოეს ადამიანთან, რესპუბლიკელთა საარჩევნო შტაბის წევრთან. მაინტერესებდა იქაურ და აქაურ “რისერჩებს” შორის მსგავსების მოძებნა. ეს სურვილი გამიჩინა ადგილობრივი მოწინააღმდეგის ბანაკში, ამერიკის არჩევნების რეიტინგებზე ყოველდღიურ რეჟიმში შემოთავაზებულმა მონაცემებმა, რომელთა მიხედვითაც კამალა ჰარისი ისეთივე დამაჯერებლობით უსწრებს ტრამპს, როგორც ლომჯარია თავისი პოპულარობით აღემატება პატრიარქს.

კალიფორნიიდან კი შემდეგი ინფორმაცია მივიღე: დონალდ ტრამპის რეიტინგი ნამდვილად არ გამოიყურება „კატასტროფულად”, დემოკრატები აწვებიან 2020 წლის სცენარის განმეორებას – გააყალბონ არჩევნების შედეგები. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებამ – მოხსნას კანდიდატურა, პირველ რიგში ობამას ოჯახს დაარტყა, რომელიც ემზადებოდა მოხუცებული ბაიდენის ზურგს უკან არაფორმალური მმართველობის კიდევ ერთი ვადით გაგრძელებისკენ.

ამჟამად სხვა გზა აღარ აქვთ, თუ არა, “გაქაჩონ” ჰარისი, ამჟამად უკვე ტრამპის ასაკზე ამომრჩეველთა ყურადღების აქცენტირებით. ამ კუთხით მაქსიმალურად აქვთ გააქტიურებული დემოკრატების გავლენის ქვეშ მყოფი მედიარესურსები.

სწორედ აქედან გამომდინარეობს ჰარისის სასარგებლოდ ამოქმედებული ფეიკ-რეიტინგები. მიუხედავად ამისა, ტრამპის პოპულარობა ისეთ საზოგადოებრივ სეგმენტებში, როგორიც არის: შავკანიანები, ლათინოამერიკელები, ახალგაზრდები – მხოლოდ იზრდება.

ასაკში შესულ ტრამპს პენსილვანიის ტერაქტის შემდეგ თითქოს “მეორე სუნთქვა” გაეხსნა – 20 წლის ახალგაზრდის ენერგიით მოსახლეობამდე სწორედ ისეთი პროგრამული გზავნილები დაჰყავს, რასაც დიდი ხანია ელოდება ამომრჩეველი საკუთარი მთავრობისაგან: ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა, საზღვრების ჩაკეტვა, საიმიგრაციო პოლიტიკის მოგვარება, ნავთობის ინტენსიური მოპოვება, უკრაინის ომის დასრულება, კანონგარეშე არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან დაუყოვნებლივ დეპორტირება და ა.შ.
ყველა ობიექტური გამოკითხვით, ეს პროგრამული გზავნილები რეალურად მუშაობენ ტრამპის სასარგებლოდ, მაშინ როდესაც დემოკრატების “მკვლევრები” ჯიუტად მიაწერენ კამალა ჰარისს 7-13%-ან უპირატესობას – რაც არსებულ რეალობასთან ახლოსაც არაა. ტრამპი თითქმის ყველა (მათ შორის “პრობლემურ”) შტატში მინიმუმ 10%-ით უსწრებს თავის კონკურენტს.

ასე რომ, დემოკრატების ძირითადი იმედი – არჩევნების შედეგების გაყალბებაზე და არალეგალების 15 მილიონიანი არმიის გამოყენებაზეა. თუ ამის მცდელობას რესპუბლიკელები დაბლოკავენ – ტრამპის გამარჯვება უეჭველი ფაქტია. მოსახლეობის უმრავლესობას კამალა ჰარისი უბრალოდ არ უყვარს.

მხოლოდ ივლისში, თავდასხმის შემდეგ სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში, ტრამპის საარჩევნო შტაბის ანგარიშზე ჩაირიცხა 145 მილიონი დოლარი. იმდენი თანხაა შეგროვებული, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებისა და კოორდინატორების საკმარისი რაოდენობა იქონიონ, რომლებიც გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ადვოკატების უპრეცედენტო რაოდენობასთან ერთად ყოველ დარღვევას, მათი ოპერატიულად აღმოჩენა/გასაჩივრების მიზნით.

რესპუბლიკელთა მხარდამჭერები არც კი მალავენ, რომ მზად არიან დემოკრატების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების შემთხვევაში იარაღით ხელში დაიცვან: ღმერთი, ოჯახი, თავისუფლება. შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა კი ძალიან მაღალია. ამჟამად ჰარისი ცდილობს თავისი საარჩევნო კამპანია ბაიდენის მიერ გატარებული პოლიტიკისაგან “დისტანცირებაზე” ააგოს. თითქოს – ის “არაფერ შუაში არაა”.

ასეთ პოზიციონირებას არანაირი შედეგი არ მოჰყვება – ყველა მიღებულ გადაწყვეტილებას ის აქტიურად უჭერდა მხარს და კონგრესის მიერ დამტკიცებულ თითოეულ დოკუმენტს მისი ხელმოწერა ამშვენებს. უფრო მეტიც, როგორც კი სენატში კენჭისყრისას ფიქსირდებოდა ე.წ. “ტაი-ბრეკი” (50/50), სწორედ კამალა ჰარისის ხმა იყო გადამწყვეტი ისეთ საკითხებში, როგორიც არის: “გახსნილი საზღვრები”, ნავთობის მოპოვების შეჩერება, უკრაინაში დაუსრულებელი მილიარდების გაგზავნა, “green new deal” (ეკო-კლიმატური სიგიჟე) – რაც ამერიკელმა ხალხმა კარგად იცის და რაიმე ტიპის მანიპულირებას თუ “შულერობას” არ დაუშვებს.

ეს არის, ამ ეტაპზე, რესპუბლიკელთა ერთ-ერთი რიგითი კალიფორნიული საარჩევნო შტაბიდან მოპოვებული ინფორმაცია. წინ გველოდება ტრამპისა და ჰარისის სექტემბრის დებატები, სადაც ამ უკანასკნელის გაცამტვერების მოლოდინშია მთელი ამერიკა.

მანამდე კი გავაგრძელებთ ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარების მეშვეობით, დემოკრატების მიერ (მათ შორის, საქართველოში), საზოგადოებრივ აზრზე ფეიკ-შეტევების მოგერიებას”, – წერს დავით ქართველიშვილი.