ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲡ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲛᲐ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝᲛ “ᲐᲛᲑᲐᲡᲐᲓᲝᲠᲘ ᲑᲐᲗᲣᲛᲘ ᲐᲘᲚᲔᲜᲓᲘᲡ” ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲡᲓᲐᲪᲕᲘᲗᲘ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲘᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲡᲪᲐ.
“მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8 თვის განმავლობაში, გარემოებების სიღრმისეული შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად გამოსცა ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ამომწურავი კვლევა და დაადგინა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი სრულ თავსებადობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე, მათ შორის შპს „ტერმინალ 1“-ის ნავთობპროდუქტების გადასატვირთ საზღვაო ტერმინალზე. კერძოდ, აღნიშნული საკითხი საგულდაგულოდ იქნა შეფასებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და მიღებული შედეგებით დადასტურებულია პროექტის სრული უსაფრთხოება და ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობა.
მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო არეალი არ წარმოადგენს წყლის ბიოლოგიური გარემოს არცერთი სახეობის კრიტიკულ ჰაბიტატს და შესაბამისად აქ გავრცელებულ სახეობებზე შეუქცევადი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის.
ექსპერტების კვლევების შედეგების მიხედვით, საპროექტო არეალში ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში შესაძლებელი იქნება ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება და ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული მდგომარეობის აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების მიზნით გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალა, კერძოდ ინერტული მასალები და ქვები, რომლთა გამოყენება ხდება გადამუშავების გარეშე. ნაპირდამცავი ნაგებობების მოსაწყობად გამოსაყენებელი ბუნებრივი ქვები ერთ-ერთი საუკეთესო სუბსტრატია წყლის ორგანიზმების საბინადროდ და იქთიოფაუნისათვის ხელსაყრელი ჰაბიტატების შესაქმნელად.
როგორც ცნობილია, საპროექტო აკვატორიაში ადგილი აქვს ნავთობპროდუქტებით ისტორიულ დაბინძურებას, ხოლო პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიის გაწმენდა (წყალქვეშა ფერდის ნაწილი მოქცევა ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის ქვეშ და მოხდება სამუდამოდ დაკონსერვება, ხოლო ნაწილი ამოღებული იქნება და გაიწმინდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა პლაჟების და სარეკრეაციო სივრცეების შექმნას.
ამბასადორი ბათუმის კუნძულის პროექტი წარმოადგენს უძრავი ქონების განვითარების განსხვავებულ და უნიკალურ კონცეპტუალურ ხედვას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკასა და ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვისობრივ გაუმჯობესებაში:
ტერიტორიული გაფართოება: მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია 102 ჰექტრით გაფართოვდება და არსებული სანაპირო ზოლი 1.2 კმ–დან 3.6 კმ–მდე მოიმატებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ქ. ბათუმის სამხრეთ დასავლეთ სანაპირო ზოლში ადგილი აქვს, წარეცხვის პროცესებს.
საერთო მონაპოვარი:
ეს ისტორიული პროექტი არ არის მხოლოდ ამბასადორი ჯგუფის წარმატება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, არის საზოგადოების, სახელმწიფო ინსტიტუტების და ასეულობით ინდივიდუალურად ჩართული ადამიანის შთამაგონებელი იდეის ერთობლივი გამარჯვება. ბედნიერები ვართ, რომ არ წყდება ნიჭიერი ადამიანებისა და მომავალზე ორიენტირებული ორგანიზაციების სურვილი, კუნძულის ტერიტორიაზე განახორციელონ ისეთი მასშტაბური პროექტები და ინიციატივები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკურ ასპარეზზე მოწინავე ქვეყნებთან დაგვაყენებს.
ეკონომიკური ზრდა: ამბასადორი ბათუმი აილენდმა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად წარუდგინა კოლიერის ლონდონის და თბილისის ოფისების კვლევა, რომლის თანახმადაც, ბათუმის ორი ნახევარკუნძული/ერთი კუნძული შექმნის შემდეგ ყოველწლიურად განახორციელებს 64 000 000 აშშ დოლარის გადასახადების აკუმულირებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ ლანდშაფტს.
ახალი სამუშაო ადგილები: პროექტის შედეგად, კომპანიის დაკვეთით მომზადებული საერთაშორისო ეკონომიკური კომპანიის კვლევით, საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაკლებ 7000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უდიდესი შესაძლებლობაა, როგორც ქვეყანაში მცხოვრებლებისთვის, ასევე, შინ დაბრუნების შესაძლებლობაა ქვეყნის გარეთ გასული მიგრანტებისთვის.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა: ბათუმის ორ ნახევარკუნძულზე/ერთ კუნძულზე შეიქმნება მაღალი კლასის სასტუმროები, აპარტამენტები, სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. ახალი იახტკლუბის გვერდით, ასევე გაშენდება 9 ჰექტარი ტყე–პარკი, რომელიც საზოგადოებას 3,6-კილომეტრიან სანაპირო ზოლს შესთავაზებს. საჯარო სივრცეებში უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი წვდომა.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ვალდებულება: ამბასადორი ბათუმი აილენდი რჩება ერთგული, შეინარჩუნოს სრული გამჭვირვალობა და დაიცვას გარემოსდაცვითი სტანდარტები პროექტის განხორციელების განმავლობაში. კომპანია მზად არის გაითვალისწინოს ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშშია მოცემული.
ამბასადორი ბათუმი აილენდის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, პროექტის მხარდაჭერისა და ამავე დროს, პროცესში გამოთქმული სიღრმისეული და კვალიფიციური კომენტარებისთვის, რამაც შედეგად სრულყო პროექტი, გახადა იგი ფუნდამენტურად სანდო და უსაფრთხო.
დასასრულს, ამბასადორი ბათუმი აილენდი ვადაზე ადრე ასრულებს სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს: ამჟამად ტერიტორიაზე ფაქტობრივად შექმნილია 10 ჰექტრამდე ფათობის ხელოვნური ნაკვეთი, რომლის მიწით ამოვსების სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. 2024 წლის შემოდგომიდან, კუნძულზე მიწის დამატებითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიის გეგმებშია პირველი პარკისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობების განვითარება”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.