„მცხეთა-მთიანეთი ის რეგიონია, სადაც დღესაც შესაძლებელია, ისტორიულ წარსულს ხელით შეეხო. აქ რწმენას ახლაც სხვაგვარი სითბოთი განავრცობენ. ამ რეგიონში მედგრად იცავენ ჩრდილოეთის კარიბჭეს და აქ „სერავს” სამშობლოს საოკუპაციო ხაზი”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. ის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის სწორედ მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან დაწყებას ეხმაურება, სადაც ხუნდაძე მმართველმა გუნდმა დელეგატად დაასახელა.

“მადლობა ჩვენს ამომრჩეველს და მადლობა ჩვენს გუნდს, რომლებმაც უძველესი სატახტო დედაქალაქიდან მთელ საქართველოს გააგონეს სამშობლოს სიყვარულის ხმა.

აქ არის ცოცხალი პოეზიაც და მანამდე ნათქვამი სიტყვაც, რომელიც დღესაც ფასობს. სწორედ აქ შედგა პირველი შეკრება და საზოგადოებამ “ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად დადო სიტყვა, რომ სამშობლოს დასაცავად ერთად დავდგებით.

ეს ერთობა მთელი საქართველოსთვის გადამდები იქნება და, 26 ოქტომბერს, ქუდზე კაცი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

მადლობა სითბოსთვის, ერთობისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე “ფეისბუკის” გვერდზე.