„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული, რათა კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში.
„სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა მათ სათანადო დაფასებასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. ამის მაგალითია მახათას მთაზე უპრეცედენტოდ მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და წარმატებით განხორციელდა, კერძოდ, მახათას მთაზე სამხედროებისთვის 39 7-სართულიანი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა და
სამხედროებმა საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.
ქართულ ჯარზე ზრუნვის ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.
იმისათვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე მიმართა თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ქართულ ჯარზე ამ მზრუნველობითი პოლიტიკის პირობებში კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში და ამისთვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნას გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც.
“ქართული ოცნება” არის ჯარის, ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც პრიორიტეტია სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ღირსების პოლიტიკით მოქმედება, ხალხის ინტერესები და მშვიდობა ქვეყანაში.
წარმატებები ამ სახელმწიფოებრივად მოქმედ გუნდს. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.