“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.
„კიდევ ერთი მტკიცებულება, თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კანონი გამჭვირვალობის შესახებ!
ყველა ბინძური პროვოკაციისა და საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან უცხოური ბინძური ფული იდგა. სწორედ ამ “შავი” ფულის დასაცავად მიმდინარეობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ის ინსინუაციური კამპანიები, რასაც, უცხოელი აქტორების დაკვეთით, ადგილობრივი “აგენტოკრატები” ახორციელებდნენ.
ახლა თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებიც ამავე ბინძური ფინანსებით საზრდოობენ, რასაც სხვადასხვა “შავი ხვრელითა” და უკანონო მაქინაციებით იღებენ უცხოეთიდან.
საინტერესოა, მოხვდება თუ არა ეს ბუნდოვანი დაფინანსებები იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან, თუ ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კლასიკად ქცეული ამერიკული გამოთქმა – “ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა”, – წერს ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.