აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის – დონალდ ტრამპისთვის წარდგენილ ბრალდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურორმა საკუთარი თავის გადასარჩენად ბრალდების ხელახლა წარდგენა სცადა.

საუბარია 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე, რომლის ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა ტრამპს სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა წარუდგინა.

როგორც მაიკ ჯონსონი აღნიშნავს, ბაიდენისა და ჰარისის მიერ იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენება სახიფათო და დესტრუქციული პრეცედენტია.

“დონალდ ტრამპი კვლავ რჩება ყველაზე დევნილ პოლიტიკოსად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღეს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გააუქმა მისი ორი საქმე, ჯეკ სმიტმა კიდევ ერთხელ სცადა საკუთარი თავის გადარჩენა. არჩევნებამდე სულ რაღაც 70 დღით ადრე, სმიტმა კიდევ ერთი ყალბი ბრალდება წამოაყენა. ამერიკელებს მობეზრდათ ეს კორუფცია და უსირცხვილო კანონმდებლობა. მათ იციან, რომ ეს ეხება არა სამართლიანობას, არამედ პოლიტიკას.

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად ქცევით და მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოყენებით სახიფათო, დესტრუქციული პრეცედენტი შექმნეს. ამერიკელი ხალხი ამას არ დაუშვებს. 5 ნოემბერი მალე მოვა”, – წერს მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელ “X-ში”.