“2024 წლის ივლისში საქართველოს ეროვნული პროდუქტის ზრდამ რეკორდულად მაღალი – 13.0% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი მიუახლოვდა ორნიშნა ციფრს – 9.7 %-ს, და მიუახლოვდა გასული სამი წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს”, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

“საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი პოსტკრიზისული ანუ კოვიდპანდემიური შოკის და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ პერიოდში იყო: 2021 წელს -10.6%, 2022 წელს-11%, ხოლო 2023 წელს -7.5%. სულ, 2021 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 9.7%-ს.

2024 წლის ბოლოს ჩვენ, სავარაუდოდ, ორნიშნა ზრდა გვექნება, მიუხედავად აპრილ-მაისში საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო ზეწოლისა, რომელიც დღემდე გრძელდება. შესაბამისად, წლიური ზრდა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს სსფ-ის 5.7 % პროგნოზია. შედარებისათვის: 2021-2022 წლებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა, სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი 4.5%-იყო.

მიმდინარე წლის ზრდის მახასიათებელი ნიშანია, გაზრდილ საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების გაზრდილი წილი მშპ-ში. ივლისში საქართველოს ექსპორტმა ახალი რეკორდი დაამყარა, შეადგინა რა 684,6 მლნ. აშშ დოლარი. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29.9%-ით აღემატება, ხოლო რუსეთის გარეშე ექსპორტის ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იყო: +35.8%; რუსეთში ექსპორტი პირიქით, შემცირდა – 7.1%).

თუ გასულ 2016-2022 წლებში ეკონომიკის ზრდას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განაპირობებდა, ეკონომიკა, ფაქტობრივად, გადაწყობილია სამამულო პროდუქციის კონტრიბუციაში, რაც დიდწილად ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა განაპირობა, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ პლატფორმით ხორციელდება.
შედარებისათვის: საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.5-ჯერ და მეტადაც კი აღემატება 2020-2024 წლებში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%).

აღვნიშნავ, რომ რეგიონულ ჭრილში ჩვენ ასევე გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ თურქეთი, ისევე, როგორც სომხეთი და აზერბაიჯანი, არ შეერთებიან ან მხოლოდ ნაწილობრივ შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციებს.

თურქეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში 2.4%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს პროგნოზით, 2.9%-ით გაიზრდება.

აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 4%-ით გაიზარდა; 2024 წელს, პროგნოზით, გაიზრდება 4 %-ით, ხოლო 2025 წელს – 5%-ით.

სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 9,20%-ით გაიზარდა; 2024 წელს გაიზრდება 8.5%-ით, ხოლო 2025 წელს – 4.8 %-ით.

როგორც ვხედავთ, რეგიონში ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ახლა ვნახოთ, თუ როგორია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ევროზონაში ანუ ქვეყნებში, რომლებიც შეუერთდნენ რუსეთი წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევროზონაში 2024 წლის პირველ კვარტალში 0,40%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2024 წელს, სავარაუდოდ, გაიზრდება 0.4%-ით, ხოლო 2025 წელს – 1.5 %-ით.

ცალკე მსურს გამოვყო ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, ითვლება, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციებს: ესტონეთის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში 2,4%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიტვის მშპ 2024 წლის პირველ კვარტალში 2,9%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პროგნოზით, 2024 წელს მშპ-ის ზრდა 1.08 %-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2025 წელს 1.04 %-ის ფარგლებშია ნავარაუდები.

ლატვიის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 1%-ით გაფართოვდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინა პერიოდის 0,5%-იანი კლების შემდეგ. 2024 წელს, პროგნოზით, ზრდა იქნება 1%, ხოლო 2025 წელს – 2.5%-ის ფარგლებში.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ბალტიის ქვეყნებში, წარმოების მხრივ, გამომუშავება გაიზარდა ძირითადად სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და თევზჭერის მიმართულებით და ეს აღდგენა რუსეთის ბაზარზე აგროპროდუქციის, კვების მრეწველობისა და ღვინომასალების გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება – ისევე, როგორც ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში.

საქართველო სანქციებს შეუერთდა, პრაქტიკულად, ყველა იმ მიმართულებით, რომლებიც ტექნოლოგიურ ნაწილს და სამხედრო მრეწველობაში გამოყენებად კომპონენტებს ეხება.

მათი ევროდეპუტატები მუდმივად გვამუნათებდნენ, შევერთებოდით საერთაშორისო სანქციებს და აქაური ოპოზიცია მხარს უბამდა, თუ რატომ არ გავწყვიტეთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან მთლიანად. შედეგები სახეზეა.

ამასთან, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს უკავშირდება საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ზრდა და დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე (13.7%) შემცირება. ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, ინფლაციამ 1.8% შეადგინა, რაც საგრძნობლად ნაკლებია აშშ-ისა (+2.9%) და ევროკავშირის (+2.6%) ანალოგიურ მაჩვენებლებზე.

საგარეო ვაჭრობის მთლიანი გაწყვეტით ჩვენ გაცილებით მძიმე შედეგებს მივიღებდით, ვიდრე ევროზონის ქვეყნები, შედარებით ნაკლები ალტერნატივის გამო, ამიტომაც იყო ოპოზიციის მთელი ნარატივი არასახელმწიფოებრივი, უპასუხისმგებლო და აგებული მთლიანად პოპულიზმზე და ტყუილზე. განსაკუთრებით ე.წ. შავ ხვრელებზე რომ პედალირებდენ”, – წერს გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუკის” გვერდზე.