7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. როგორც თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.
“ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოემსახურებიან არსებული სქემით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების – „ისნისა“ და „სამგორის“ გავლით დაუკავშირდებიან ჯავახეთის ქუჩას და მოემსახურებიან ვარკეთილის დასახლებას სუხიშვილის, თაყაიშვილისა და კუპრაძის ქუჩების გავლით.
ამ ცვლილებით, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საბურთალოსთან.
გარდა ამისა, N309 მარშრუტი, რომელიც ამჟამად მოძრაობს ვარკეთილის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩამდე, გაგრძელდება ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით და მოძრაობას დაამთავრებს კუს ტბის გადასახვევის მიმდებარედ. აღნიშნულ მარშრუტზე ჩართულია 13 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი და დაემატება კიდევ 2 ერთეული. ცვლილების შედეგად, ვარკეთილის დასახლება პირდაპირ დაუკავშირდება ვაკეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.