„ქართული ოცნების” დეპუტატზე, დავით მათიკაშვილსა და მის ოჯახზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, ნინო შველიძის თავდასხმისა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა, ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ნინო შველიძე, რომელიც მათიკაშვილს მიუნხენის აეროპორტში დაესხა თავს, ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის, ტიმოთი ბლაუველთის მეუღლეა. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ „ყოველწლიურად საშუალო სკოლის დაახლოებით 80 მოსწავლე და ექვსი სპეციალისტი მიემგზავრება საქართველოდან ამერიკაში ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული პროგრამებით”.

ბლაუველთი ასევე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორიც. როგორც ილიაუნის ვებ-გვერდზეა მითითებული, იგი „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების მიმართულებით” საქმიანობს.