„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფოს მხრიდან საგრანტო კონკურსების დაწესების ინიციატივას ეხმაურება.
„საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო სექტორისთვის სახელმწიფოდან საგრანტო კონკურსების შესახებ არის საუკეთესო ინიციატივა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება დიდი ხანია, ელოდა. უცხო ქვეყნის ფული, ბუნებრივია, პირველ რიგში, დონორი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. სახელმწიფოები რომ საკუთარი ინტერესების გარეშე სხვა ქვეყნებისთვის ფულს არ ხარჯავენ, ეს ანი და ბანია ყველასთვის.
აქედან გამომდინარე, უცხო დონორების ფული, უმეტესად, სწორედ უცხო ქვეყნის გავლენებს ემსახურება საქართველოში. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ქართული არასამთავრობოებისთვის მიცემული კოლოსალური თანხები, მეტწილად, ქართულ პოლიტიკაში ირიბად ფულის ჩასხმაა. დღეს უკვე ირიბადაც აღარ ხარჯავენ და პირდაპირ გადავიდნენ შეტევაზე, უფრო მეტიც – იმდენად გათავხედდნენ, რომ საარჩევნო პროცესებშიც კი ერევიან.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოდან არასამთავრობო სექტორისთვის საგრანტო კონკურსებისთვის ორჯერ მეტი დაიხარჯება, ვიდრე დღეს ხარჯავენ უცხოური ორგანიზაციები. პრემიერის ინიციატივა არასამთავრობოების ქართული ფულით დაფინანსების შესახებ არის საუკეთესო შესაძლებლობა ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ძლიერი და ეროვნულად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი სუვერენული სახელმწიფოს საყრდენია”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.