პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის წესით დაფინანსების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ივლისის დასაწყისი იყო. “POSTV-ის” სტუდიიდან მე და თამარ ჩიბურდანიძე გავემგზავრეთ საზოგადოებაში ცნობილ და ავტორიტეტულ ექსპერტებთან შეხვედრაზე. საუბარი შეეხო “გამჭვირვალობის კანონს”. ჩვენი მასპინძლები სწორედ იმ კეთილსინდისიერი “ენჯეო” სექტორის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც იმ 450-ზე მეტი ორგანიზაციის რიგებს წარმოადგენდნენ, ვინც იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდა.

ექსპერტებმა წამოსწიეს საკითხი, რომ კარგი იქნებოდა, თუ მთელი რიგი მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებში მთავრობა ჩაანაცვლებდა საერთაშორისო დონორებს. გავიდა ორი თვე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დააანონსა სპეციალური სამთავრობო-საგრანტო ფონდის შექმნა, რომელიც დააფინანსებს კომისიური წესით შერჩეულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

დღე არ გადის, ხელისუფლებამ მორიგი “ტოპკა” არ “დაურტყას” გარე და შიდა მავნებლებს, რომლებიც თავიანთ დღის წესრიგს აგებენ ცილისწამებაზე, სიცრუეზე, დეზინფორმაციაზე, გაუმჭვირვალობაზე, თავიანთი აგენტოკრატების განწირულ ბოდვებზე – ანუ ყველაფერზე, რეალობისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გარდა. ჩემი ყოველკვირეული მოლოდინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით დღითიდღე უფრო დამაჯერებლად მყარდება…“ – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.