პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტშია, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კანდიდატებთან ერთად, ორგანიზაციის მომავალზე მსჯელობენ.

ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკიდურესად კომპლექსურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში,ლ ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიული მნიშვნელობა უდავოა და წარმატების მისაღწევად სამართლიანი და შედეგებზე ორიენტირებული გაფართოების პროცესია საჭირო.

„გასულ წელს, ევროკავშირმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა საქართეველოს – ევროპაში ყველაზე მოწყვლად და ყველაზე მტკიცე ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას.

ჩვენ კარგად ვიცით, რა არის რუსული აგრესია. გამოცდილი გვაქვს, რამდენად რთულია ქვეყნის ტრანსფორმაცია უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როცა რუსეთის მიერ გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ხელშესახები პროგრესის მიღწევა და საქართველო ვაქციეთ მიმზიდველ ქვეყნად, უდიდესი შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია, წვლილი შეიტანოს ევროპის უკეთესი მომავლის ფორმირებაში.

თუმცა, გაფართოების მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის პროგრესს და გამოყენებული იყოს როგორც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი, როგორც ეს მოხდა 2 წლის წინ, როდესაც საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე – დაუსაბუთებული აღქმების საფუძველზე, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

საქართველოს ევროკაშირში გაწევრიანების გზაზე გაძლიერება არის ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს პროგრესი და მიღწევები და გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს გაჭიანურების გარეშე.

დაბოლოს, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ევროკომისარ ვარჰეის, ამ ურთულეს და ისტორიულ მომენტში განხორციელებული საქმიანობისთვის.

უახლოეს მომავალში მოხდება ევროკომისიის ახალი ხელმძღვანლობის დამტკიცება და მის საქმიანობას ექნება ისტორიული მნიშვნელობა ევროპის მომავლისათვის“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.