“რთველი 2024-ის ფარგლებში, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 56 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რთველი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა, სხვადასხვა აქტივობით, კახეთის ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
“ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 9 ათას ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად, მოსავლის გადამუშავების პროცესში 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის, მოსავალი 4500-მდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა.
2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ – 300 ათას ტონას შეადგენს.
მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1 ლარს გადაიხდის.
თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24-საათიან რეჟიმში მუშაობს”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.