„ბრიტანული ავტორიტეტული მედიაკორპორაცია „BBC-გან“ ცნობილი გახდა, რომ არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომლითაც „მისტერ ოფშორი“, ანუ დავით კეზერაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ძარცვავდა ევროპელ პენსიონერებს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
„ახლახან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული ქოლცენტრების საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი დავით კეზერაშვილთან.
ასევე გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად, ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა.
ქართული სამართალდამცველი უწყებებიდან ინტერპოლისათვის გაგზავნილი წერილების გარდა, “ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ფაქტია, შექმნილია სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოხდეს დავით კეზერაშვილის პასუხისგებაში მიცემა.
თუმცა კეზერაშვილს არათუ რაიმე შეზღუდვა არ აქვს გადაადგილებაზე, მას ფრანგულმა სასამართლომ ერთგვარი ინდულგენციაც კი მიანიჭა, როდესაც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი განიხილებოდა.
სააკაშვილის რეჟიმის და ახლა უკვე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მთავარი მოლარე დავით კეზერაშვილი ხელისუფლებაში უქონელი მოვიდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მის ანგარიშზე, როგორც მინიმუმ, მილიარდიანი ქონება აღმოჩნდა.
სწორედ კეზერაშვილია იმ ერთეულ ადამიანებს შორის, რომლებმაც 2008 წლის ომით სარგებელი მიიღეს და მოკლე დროში კოლოსალურად გამდიდრდნენ.
ისმის კითხვა – სად არის სამართალი?
ქართული სამართალდამცველი უწყებებიდან ინტერპოლისათვის გაგზავნილი წერილების უგულებელყოფის პარალელურად, ევროპასა და საქართველოში მიმდინარე ამხელა საგამოძიებო პროცესის მიუხედავად, რატომ არ ხდება დავით კეზერაშვილის დაკავება?!
ნუთუ კანონის დაცვა და დამნაშავის დასჯა ევროპულად სხვაგვარ შინაარსს ატარებს?!
ნუთუ განუკითხაობის ჭაობში ბოლომდე ჩაიძირა ევროპა და დიდი ფულისა და, გარიგების სანაცვლოდ, იქ ყველაფერი მოსულა?!
ვიტოვებ იმედს, მიმდინარე გამოძიება ყველაფერს სამართლიან პასუხს გასცემს და კიდევ ერთხელ, მაღალი სამართლებრივი სტანდარტით დამტკიცდება, რომ დავით კეზერაშვილი საერთაშორისო დონის დამნაშავე და კრიმინალია და, ქართულ კანონთან ერთად, ევროპული კანონიც ამაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.