პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ეხმაურება.
„როდესაც გიბრუნდება საკუთარი ღირსების შეგრძნება; როდესაც მარცხის პირასაა შენში ხელოვნურად გაღვივებული, მუდმივი “დამარცხებულის კომპლექსი”; როდესაც “ლეთარგიული სიზმრიდან” იღვიძებს შენში ოცდაათსაუკუნოვანი ქართველობა – დაუძლეველი, ამაყი, ჯანსაღად თავდაჯერებული, მერე გემართება ყველაფერი ის, რაც გემართება: მშვიდი შეგუება დამსახურებულ მიღწევებთან პოლიტიკაშიც, ეკონომიკაშიც და, რა თქმა უნდა, სპორტში.
მშვიდი. არა ისტერიული. არა ხელოვნური. ზარ-ზეიმით რომ ნერგავდა მოსახლეობაში ყალბ, მოჩვენებით ეიფორიებს “ვივამედელი” ბელადი. გინდ ხუთდღიან ომში “რუსეთის დამარცხების” გამო. გინდ აღაიანი-იგოეთის მონაკვეთზე, ავტობანის თითოეული კილომეტრის “საზეიმო” გახსნის დროს. ამავე დროს კი, ნადგურდებოდა ქართული სული, მიმდინარეობდა მენტალური გენოციდი, აუპატიურებდნენ ქართველ ვაჟკაცებს და მიდიოდა ამ ყველაფრის გადაფარვა “გლობალური ომის პარტიის” მიერ ჩვენთვის სპეციალურად შემუშავებული გენმოდიფიცირებული “გაიდლაინებით”.
მერე კი, მერამდენედ ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს ისტორიაში, კვლავ გამოანათა მორიგი “ოქროს ხანის” ჯერ კიდევ პირველმა, თუმცა დამაიმედებელმა სხივმა – რომ დიახ, დაპირებისამებრ, გამთლიანებული იბერია აუცილებლად გაბრწყინდება, ის კვლავ დაუბრუნდება თავისი ზეციური დედის წილხვდომილობის საზღვრებს. და ეს პროცესი არაა უკვე შეუმჩნეველი, ვერც ერისთვის და ვერც ბერისთვის. ჩვენ თვალწინ ვითარდება ესოდენ მონატრებული სინერგია ორმაგი მიმართულებით: ჰორიზონტალურად – ქართველობის განმტკიცების კუთხით და ვერტიკალურად – უძღები შვილივით, უფალთან დაბრუნებისა და მასთან ჩახუტების სახით.
გადაკვეთაზე კი, იქმნება ისეთი ძლიერი და მყარი ჯვარი, რომელმაც ჩვენი ღვთივკურთხეული საქართველო უნდა გადაარჩინოს მსოფლიოში მომწიფებული გლობალური აფეთქების წინ. და ეს შემართება არის ჩვენი ერთადერთი ფარი და საშველი. ხოლო პოლიტიკურ თუ სპორტულ ველზე ჩვენი წარმატება ღვთაებრივი საჩუქარია, ჩვენში ამ ლამის მივიწყებული ქართველობის დაუმარცხებელ იარაღად რეანიმირებისა და რწმენაში ჩვენი კიდევ უფრო, განმტკიცების მიზნით. ამას ცოტას ლოცვას, მარხვასა და მცირედმორწმუნეობის დაძლევასაც თუ მივამატებთ, ხილულ სასწაულებსაც მოვესწრებით“, – წერს ქართველიშვილი.