“გერმანიის მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა”, – აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
შოლცმა მინისტრი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ მინისტრმა არაერთხელ დაბლოკა კანონები არასათანადოდ. შოლცი ასევე ამბობს, რომ მან ლინდნერს სთხოვა საბიუჯეტო წესების შემსუბუქება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გასაწევად, თუმცა ლინდნერმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი მის სამსახურებრივ ფიცს დაარღვევდა.
თავის მხრივ, ლინდნერმა გააკრიტიკა შოლცის კომენტარი გერმანიის ეკონომიკურ სისუსტეზე.
„ოლაფ შოლცმა, დიდი ხანია, ვერ აღიქვა ჩვენს ქვეყანაში ახალი ეკონომიკური გამოღვიძების საჭიროება“, – თქვა ყოფილმა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ კრისტიან ლინდნერის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის შეთავაზებას კოალიციის დანარჩენი ორი წევრი – ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია და მწვანეები შეეწინააღმდეგნენ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ოლაფ შოლცს შეუძლია, გააგრძელოს მმართველობა, თუმცა მას არ ექნება უმრავლესობა ბიუჯეტის დასამტკიცებლად, რაც ზრდის ვადამდელი არჩევნების ალბათობას. ვადამდელი არჩევნები კი, შესაძლოა, მარტში გაიმართოს.