დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის რეაბილიტაცია-მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს სამუზეუმო კომპლექსის სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაცია და მშენებლობა.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ისტორიულ ნაგებობებს, სადაც დამონტაჟდა გათბობის, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და ყველა სხვა საჭირო სისტემები; მიმდინარეობს კომპლექსის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
,,დაბა სტეფანწმინდაში დასკვნით ფაზაშია ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. შენობა შედგება სამი ნაწილისგან და წარმოადგენს სამუზეუმო კომპლექსს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ისტორიული ნაგებობები, დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ძირითადი სამშენებლო ნაწილი წარმატებით დასრულდა. მნიშვნელოვანია დაბა სტეფანწმინდაში ,ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს დაბის ცენტრალური და შემოსასვლელი არეალის, ასევე, მიმდებარე შენობების სრულ განახლებას.
პროგრამის ფარგლებში, სტეფანწმინდას ექნება 3,5 ჰექტარზე მოწყობილი ახალი პარკი, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა სივრცე ყველა ასაკის დამსვენებლისათვის. ეს იქნება კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ცენტრი დაბისთვის, რაც ხელს შეუწყობს მისი ტურისტული პოტენციალის მეტად განვითარებას“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და და მისი ღირებულება 13.5 მილიონ ლარზე მეტია.
სტეფანწმინდაში ასევე მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია. სახელმწიფო პროგრამა „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ ფარგლებში, განახლდება ტურისტული არეალები.
პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების ფასადების განახლება-რეაბილიტაციასა და რესტავრაციას და დასასვენებელი პარკის მოწყობას. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით აფინანსებს.