„პოლიტიკური პარტია, რომელიც 100%-ით სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილმა კიდევ უფრო დეტალურად განმარტა მოძრაობის იმ ინიციატივის მიზეზი, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები პოლიტიკურად უნდა გასამართლდეს.

„მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაცმოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების არსებობა არ შეიძლება, არის მათი მხრიდან უცხოური ძალების ინტერესების 100%-ით გატარება. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და აგრძელებენ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. ეს დადასტურებულია, რადგან არაერთხელ ვიხილეთ საჯარო განცხადებები, მათ შორის, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ომს დაიწყებს, სააკაშვილი დაიწყებდაო. ან, გვახსოვს მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც მოგვიწოდებდა, რომ მერე რა, დაიწყოს საქართველომ ომი, შემოვა რუსეთი, მაგრამ, საბოლოო ჯამში ხომ მაინც ვერ გაიმარჯვებსო.  უკრაინაში რაც ხდება – ტერიტორიები რომ დაკარგა, ასობით ათასი მსხვერპლი რომ ჰყავს, მილიონობით ლტოლვილი, ბუნდოვანი მომავალი… მერე, რა … – აი, ამისკენ მოგვიწოდებდნენ უცხოეთიდან და ამ ინტერესების 100%-იანი გამტარებლები არიან „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები. ამის დამადასტურებელი იყო ისიც, რომ ოპოზიციონერების ნაწილმა ერთმანეთი „ჩაუშვა“ ცოტა ხნის წინ – არა, შენ „აშავებდი“ საქართველოს ბრიუსელში და არა შენო. ამიტომ ვამბობთ, რომ პირობითად, სალომე სამადაშვილი რომ გამოდის და რამეს ამბობს, საქართველოს წარმომადგენელი კი არ არის სადმე, არამედ უცხო ძალის წარმომადგენელია საქართველოში. და მისნაირი ძალიან ბევრია. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც 100%-ით სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არ უნდა არსებობდეს. ეს ხალხი არც მალავს, რომ უცხო ძალების წარმომადგენლები არიან საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.