“მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება მე არ მინახავს. 100 ათასი ადამიანიდან, რომელსაც “ჩამოართვეს” პირადობის მოწმობა, დღემდე ჩემთან არც ერთი მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან ცხადია და ამიტომ, ბოდიში და ასეთ, ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია”, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, გადაცემა „დღის ამბებში“.
„მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. მე არჩევნებს არ დავკვირვებივარ; 3000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ დღემდე, ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ვისაც ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ, ჩემი აზრით, არ არის წარმოდგენილი ისეთი მყარი მტკიცებულებები გაყალბების შესახებ, რომელიც მათქმევინებდა, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, ან 100 ათას ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. ეს არის ჩემი პოზიცია.
არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ყოველ კვირას განცხადებას ვაკეთებდით, რომ, თუ ადგილი აქვს თქვენ მიმართ რაიმე ტიპის საარჩევნო უფლების შეზღუდვას, ან იგივე ამ პირადობებთან დაკავშირებით თუ არის რამე პრობლემა, მოგვმართეთ, მოიტანეთ; ჩვენ თუ არა, სხვას, და ამის შესახებ საჯაროდ გააკეთეთ განცხადება… დღემდე, ასეთი მტკიცებულება, რომელიც ამ მასშტაბის გაყალბებას დაადასტურებდა… თორემ ცალკეული შემთხვევები როგორ არ იყო, და პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ, ხომ? აქ ხომ საუბარი არის მასშტაბზე, რომელიც შესაძლებლობას მიცემს, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს, ანუ გავლენა მოახდინოს.
ყველა პარტიას და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენ პირადად დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია. არავინ მომაწოდა ინფორმაცია. ვთქვათ, ჰქონდათ. მაშინ, რატომ არ დაწერეს 3000 უბანზე 11-ზე მეტი საჩივარი გაყალბების შესახებ? თუ ჰქონდათ, იქ არ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში?
გაყალბების შესახებ ბრალდება – რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს, პირველ რიგში, მე კი არ უნდა მომაწოდონ… თუნდაც, მეც მომაწოდონ, – საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. საზოგადოებას ვეკითხები: მაჩვენეთ მაშინ ეს მასალები, მტკიცებულებები და კი, ბატონო, თქვენთან ერთად დავჯდები და ვიტყვი, რომ ეს ასეა, ეს – ისეა, მაგრამ ვთქვათ, მე არ მენდობიან, – ვისაც ენდობიან, იმას მიაწოდონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.