წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები პატარებისთვის საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ასევე სრული რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღს.
მიმდინარე სამუშაოებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან, გენადი ბალანჩივაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად გაეცნო.
ქალაქ წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩაზე ახალი 150 ბავშვზე გათვლილი ბაღის სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის 31 მაისს დაიწყო და 2024 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 416 200 ლარია. ეწყობა შიდა სივრცეები, კომუნიკაციები, სველი წერტილები, სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
სრული რეაბილიტაციის სამუშაოები უტარდება სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღს, პროექტის ღირებულება 2 337 000 ლარია. სამუშაოები 2023 წელის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ პატარები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში მიიღებენ სკოლამდელ განათლებას.
ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს.