“გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკვეთით მოქმედებდა.

„ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, – ისროლე და, თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და… ორი თვეა, სამი თვეა, მეუბნები, – არ აღიარო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, გაგიყვანოთო… ფაქტი სახეზეა – 5 თვეა უკვე, ვიმყოფები [ციხეში]… არც ვაშაძეა, ყურადღებასაც არ მაქცევს და არც არავინ და რა ვიცი… დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი, გეუბნებით და „დალშე” თქვენ იცით”, – მიმართა მან ჯერ ადვოკატს – ლაშა ტყეშელაძეს, ბოლოს კი – მოსამართლეს.

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დეტალი, აქამდე, მასთან საუბარში არ განუცხადებია. ამასთან, ადვოკატმა პროცესზევე აცილება მოითხოვა. მოსამართლის მიმართვის საფუძველზე, ბუბუტეიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.
მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა მისი უფლებები და მოუწოდა, რომ ადვოკატთან ერთად, შემდეგ სხდომამდე სტრატეგია და პოზიცია ჩამოაყალიბოს.

ცნობისთვის: პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია; ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა. ბუბუტეიშვილისთვის წარდგენილი ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.