თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება.
საჯარო ბაღებში დაგეგმილი სიახლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
„ეს არის მიმართულება, სადაც თანამშრომლებს ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ და, ამ მხრივ, ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ.
საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება, საშუალოდ, 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით.
„დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა; ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა; დაიწყო ახალ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა; შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პატარებს ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში აღიზარდონ, ამ მიზნით კი ბაღის გარემოში თითოეულ დეტალს შესაბამისი ყურადღება ექცევა, დაწყებული კვებით, დასრულებული სათამაშოებითა და თეთრეულით.