ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, ლიხაური-კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის მოწყობის სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
„ვასრულებთ მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას. ვაკეთებთ ლიხაური – კვაჭალათის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა 3,50 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა უკვე დასრულდა წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებიც. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.